ყაზახური კომპანიების ინიციატივით ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა 

თბილისი (BPI) – საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა.

გაერთიანების მთავარ მისიას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების შექმნა წარმოადგენს, რომელიც სწორედ ინვესტიციებზე, ტურიზმსა და ქვეყნებს შორის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე იქნება ორიენტირებული.

მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistics“. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მთავარი მისიაა ამ ორ ქვეყანას შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. განსაკუთრებით დღევანდელი კრიზისის ფონზე, ნამდვილად მნიშვნელოვანია ეკონომიკურ პარამეტრებზე ფოკუსირება და მის ზრდაზე ორიენტირება. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევასა და პასუხიმგებლობას ვიზრუნოთ ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე,“ – ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი.

„ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია დაარსდა, რომლის დამფუძნებლები არიან ის ბიზნესკომპანიები, რომლებიც უკვე წლებია წარმატებით ოპერირებენ საქართველოს ბაზარზე. ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია გავუზიაროთ როგორც ქართულ, ისე ყაზახურ კომპანიებს, რადგან ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც გააჩნია ამ ორ ქვეყანას, იქნეს მაქსიმალურად გამოყენებული, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველო საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ქვეყნაა ყაზახეთისთვის.“ – აღნიშნა „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების დირექტორმა გიორგი მარრიმ.

„საკმაოდ კარგი ურთიერთობა არსებობს ყაზახეთსა და საქართველოს შორის, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. გაერთიანება კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს ხალხებს შორის კულტურულ-მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებასა და ქვეყანაში ინვესტიციების ზრდას,“ – განმარტავს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გეგუჩაძე.

„გაერთიანება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობასა და გამოყენებას, ჩვენი კომპანია ცდილობს გამოიყენოს აღნიშნული პოტენციალი, სწორედ ამ მიზნით განახლდა ავიამიმოსვლა ამ ორ ქვეყანას შორის კვირაში სამჯერ, სამომავლოდ ვგეგმავთ რეისების რაოდენობის გაზრდასაც, რაც კიდევ მეტად ხელს შეუწყობს ტურისტებისა და საქმიანი ადამიანების მიმოსვლას ქვეყანებში,“ – „ეარ ასტანას“ გენერალური მენეჯერი კამილა ჟაილაუბაევა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ყაზახეთის საელჩოს თანამშრომლები, გაერთიანების დამფუძნებელი ყაზახური კომპანიების წარმომადგენლები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები. დასასრულს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელთა პირველი კრება გაიმართა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …