ყაზახეთს საქართველოს გავლით მეტი ურანის გადატანა სურს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთს საქართველოს გავლით, უფრო მეტი ურანის გადატანა სურს.

სხვადასხვა გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაცია Kazatomprom-ის განცხადების მიხედვით, კომპანია მსოფლიოს ქვეყნებს ურანს ამ დრომდე, რუსეთის გავლით, შეუფერხებლად აწვდის. მიუხედავად ამისა, ყაზახეთს სურს, რომ გააძლიეროს ალტერნატიული მარშრუტები, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გაფართოების შემთხვევაში, მის ექსპორტზე პოტენციური ზემოქმედების რისკი შეამციროს.

ამ მიზნით, მას სურს, რომ გააძლიეროს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR), რომელსაც ის ალტერნატიული მარშრუტის სახით, 2018 წლიდან იყენებს. მარშრუტი ყაზახეთიდან, კასპიის ზღვის გავლით, აზერბაიჯანში, შემდეგ კი საქართველოში გადის. საქართველოდან პროდუქციის ტრანსპორტირება შესაძლებელია შავი ზღვის პორტებით.

ამჟამად კომპანიას ამ გზით, ყოველწლიურად საკუთარ მაღაროებში მოპოვებული 3,500 ტონა ურანის გადატანა შეუძლია. კომპანიას სურს, რომ გაზარდოს ლიმიტი, რისთვისაც სატრანზიტო ქვეყნების ნებართვა სჭირდება.

“Kazatomprom აგრძელებს მუშაობას ამ კვოტის გასაზრდელად და ასევე აგრძელებს თავის ერთობლივი საწარმოს პარტნიორების დახმარებას, რათა მიიღონ საჭირო ნებართვები ტრანსკასპიური მარშრუტის გავლით, მზა პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი საწარმოს პარტნიორები ამჯობინებენ პროდუქციის წილი არ მიიღონ რეგულარული მარშრუტით, სანქტ-პეტერბურგის პორტის მეშვეობით”, – აცხადებენ კომპანიაში.

Kazatomprom-ის განცხადებით, კომერციული გადამზიდავი კომპანიების არარსებობის გამო, გადაზიდვებისთვის უწევთ გემების დაქირავება. ხარჯების ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მასალა ფოთის პორტში კონსოლიდირებული უნდა იყოს.

Kazatomprom-მა აღნიშნა, რომ დასავლეთის ბაზრებზე მისაწოდებელი ბირთვული მასალა ფოთში კონსოლიდაციის მოლოდინშია და მოთხოვნილი დოკუმენტებისა და დეტალების გამო, გადაზიდვა ყოვნდება. კომპანია აღნიშნავს, რომ თუ TITR ტრანზიტზე ტვირთები კიდევ შეფერხდება, ეს 2022 წლის გაყიდვებსა და შემოსავლებზე აისახება.

საკითხთან დაკავშირებით “ბიზნეს ფორმულა” ფოთის პორტის ოპერატორ კომპანიას დაუკავშირდა. “ეიპიემ ტერმინალს ფოთში” ამბობენ, რომ მზად არიან Kazatomprom-თან საქართველოს გავლით ტვირთების მოცულობის შესაძლო ზრდა განიხილონ.

“ყაზახეთიდან TITR მარშრუტით ტვირთის გადაზიდვა არის სტანდარტული პრაქტიკა ფოთში. აღნიშნული მარშრუტის მეშვეობით არაერთი სახეობის ტვირთის დამუშავება ხდება და ყველა მათგანი დამუშავებულია შესაბამისი წესებისა და რეგულაციების დაცვით, რაც თავის მხრივ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.

მოხარულები ვართ, რომ TITR-ზე ტვირთების მოცულობა იზრდება ბოლო თვეებში და მოუთმენლად ველით შუა დერეფნის განვითარებას ტვირთების ზრდის თვალსაზრისით. აქვე, გამოვხატავთ მზადყოფნას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ ფოთის პორტის გავლით ტვირთების მოცულობის შესაძლო გაზრდა”,- აცხადებენ “ეიპიემ ტერმინალს ფოთში”.

წყარო: https://businessformula.ge/News/11153

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …