ყაზახეთის ახალ საპატიო კონსულად საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი დაინიშნა

თბილისი (BPI) – პანდემიის მიუხედავად, საქართველო და ყაზახეთი განაგრძობენ თანამშრომლობის გამყარებას. გიორგი ჯახუტაშვილი საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსულად ოფიციალურად 2020 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა. მიმდინარე წლის 5 ნოემბერს კი ქალაქ რუსთავში საზეიმოდ გაიხსნა ყაზახეთის საპატიო საკონსულოს დაწესებულება. დაწესებულებას ორი საკონსულო ოლქი აქვს: ქვემო ქართლსა და მცხეთა – მთიანეთში.

ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების ფუნქციებში სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად შედის:

  • ყაზახეთის მოქალაქეთა (ფიზიკურ და იურიდიულ პირთა) კანონიერი ინტერესების დაცვა საქართველოში;
  • საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების, ასევე, მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისთვის ხელის შეწყობა.

საპატიო საკონსულო დაწესებულება ოფიციალურად ყაზახეთის საპატიო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბ-ნმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა, ყაზახეთის საპატიო კონსულმა საქართველოში ბ-ნმა გიორგი ჯახუტაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გახსენს.  ცერემონიას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი, ქალაქ რუსთავის მერი, ქალაქ რუსთავის მერის პირველი მოადგილე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე და სხვები.

ღონისძიება კოვიდ19-ის პანდემიის გამო არსებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა. გახსნას მხოლოდ 10 ადამიანი ესწრებოდა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ყაზახეთის მეორე საპატიო საკონსულო გაიხსნა საქართველოში. წარმომადგენლობის გახსნა ყოველთვის იმაზე მიანიშნებს, რომ ორ ქვეყანას შორის არის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გავხსნათ საპატიო საკონსულოები, რადგან მათი საქმიანობა სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის კეთდება, რადგან ეს ხელს შეუწყობს ბიზნეს ურთიერთობებს, კულტურულ ურთიერთობებს და საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ყახაზეთისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე.“ – განაცხადა ყაზახეთის ელჩმა საქართველოში ბ-ნმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტიანია ქვეყანაში მეგობარი სახელმწიფოს საპატიო საკონსულოების არსებობა. როგორც წესი, საპატიო კონსულები გავლენიანი და ავტორიტეტული ადამიანები არიან, ხშირად ბიზნესმენები, რომლებსაც აქვთ გეგმა, თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაონ.  ძირითადად, ეს არის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, კულტურული, სოციალური მიმართულებებით თანამშრომლობა. ქართველ ხალხს კი, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ყაზახ ხალხთან და მე იმედი მაქვს, რომ საპატიო კონსულის საქმიანობა კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ურთიერთობებს,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

„საპატიო საკონსულოს ძირითადი მოვალეობები ყაზახეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურული თუ სამეცნიერო ურთიერთობების ხელშეწყობაა. ეს სტრატეგიული მანდატი მნიშვნელოვნად შეუწყობს  ხელს  ქართულ-ყაზახური თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩემი კომერციული საქმიანობა ინვესტიციების მართვაა. ყაზახეთის წილი საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საკმაოდ მაღალია. ჩემი გუნდის მისიაა, მიმდინარე პროექტების წარმატების ხელშეწყობა, მათ შორის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით. ასევე ჩვენს მიზანს წარმოადგენს ახალი კავშირების დამყარებით, საქართველოსა და ყაზახეთის შესაძლებლობების  მაქსიმალური რეალიზება. – განაცხადა ყაზახეთის საპატიო კონსულმა საქართველოში ბ-ნმა გიორგი ჯახუტაშვილმა.

სახელმწიფოებს შორის საკონსულო ურთიერთობები ორმხრივი შეთანხმებით მყარდება. საკონსულოს უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ვენის კონვენცია „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები აღიარებენ, რომ საკონსულო ურთიერთობები მუდმივად მყარდებოდა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად.

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლიდან დამყარდა. ორ ქვეყანას შორის არსებობს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. ყაზახეთი არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, განსაკუთრებით აღსანიშნავია, თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …