ღია ვერანდა გამწვანებით – ქუთაისის აეროპორტს მწვანე გადახურვა ექნება

თბილისი (BPI) – აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე დარწმუნებულია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, გაფართოების შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იქნება.

ჩოგოვაძემ აეროპორტი ტერმინალის მეორე ფაზის მშენებლობის პროცესის დათვალიერებისას აღნიშნა, რომ მეორე ფაზის სამუშაოებით განსაზღვრულია აეროპორტის ახალი ტერმინალის შენობის სახურავისა და ფასადის მოწყობა. რის შემდეგაც ტერმინალის ექსტერიერის მოწყობა დასრულდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება უნიკალური ე.წ. მწვანე გადახურვა, სადაც გათვალისწინებული იქნება ღია ვერანდა გამწვანებით.

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია. დაიწყო მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშოები, რომელიც გულისხმობს შენობის შეფუთვასა და გადახურვას. შემდეგი ეტაპები იქნება საინჟინრო სისტემების გაყვანა. პარალელურად მოხდება ახალი ტერმინალის სპეციალური დანადგარებითა და ავეჯით აღჭურვა. დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი აეროპორტი გვექნება”- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ახლო მომავალში დაიწყება ტერმინალის ლანდშაფტის პროექტირება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული და ახალი ტერმინალის შენობების შეერთების ფაზა. დღეისათვის არსებული ტერმინალის სივრცე სრულად გახდება გაფრენის ზონა, ხოლო ახალი ტერმინალი ჩამოფრენის დარბაზისათვის იქნება განკუთვნილი.

ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1000 – 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …