ღვინის სააგენტო ხარისხის პრიორიტეტულობაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – ღვინის ეროვნული სააგენტო როსპოტრებნადზორს პასუხობს და ხარისხის პრიორიტეტულობაზე აცხადებს.

სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი ორგანოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და მისი კონტროლია. 

სააგენტო განხორციელებულ ცვლილებებზეც აცხადებს:

2017 წელს, „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ ცვლილებებით, 2018  წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო.

ფალსიფიკაციის თავიდან აცილების მიზნით აიკრძალა ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი.

გამკაცრდა კონტროლი:

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 58 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 2115 ნიმუში, მათგან 196 შეფასდა უარყოფითად. მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, საექსპორტო ღვინოების ინსპექტირების ფარგლებში, ღვინის კომპანიებიდან აღებულია 370-მდე ნიმუში, რაც საშუალოდ 50%-ით გაზრდილია გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომპანიებს საექსპორტო შესაბამისობის სერტიფიკატების გაცემაზე უარი ეთქვა 24 შემთხვევაში. სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში შემოწმდა 30 კომპანია, აქედან 6 კომპანიის რამდენიმე დასახელების ღვინო არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ღვინის სხვა პარამეტრების შემოწმებასთან ერთად, ხორციელდება ალკოჰოლური სასმელის ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობაზე შემოწმება.

როგორც სააგენტოში ამბობენ, ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლებში მუშაობა გაძლიერებულია. მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული ათეულ მილიონობით ბოთლი ღვინო აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტს. “ვფიქრობთ, რომ არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს ქართული საექსპორტო პროდუქციის ხარისხი”.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …