ქუთაისს ისტორიული იერსახე უბრუნდება

თბილისი (BPI) – მთავრობა ქუთაისში ისტორიული უბნის რეაბილიტაციას გეგმავს. რეაბილიტაციის მიზნით დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა.

პროექტის მიზანია ქალაქის ცენტრს დაუბრუნდეს ისტორიული იერსახე და გახდეს კულტურული და ტურისტული მარშრუტების ცენტრი.

პროექტით გათვალისწინებულია მდინარე რიონის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე „თეთრი ხიდიდან“ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ჩათვლით არსებული განაშენიანების რეაბილიტაცია-ადაპტაცია-რეგენერაცია. მთლიანობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 41 სახლს.

ქალაქის ისტორიული ცენტრი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, თუმცა ისტორიული ცენტრი და მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე არსებული ისტორიული განაშენიანების დიდი ნაწილი დაზიანებული და სახეცვლილია.

მთაგორიან სანაპიროს მდინარის ზემო წელში აკრავს „გაბაშვილებისა“ და „უქიმერიონის“ მაღლობები, სადაც ქუთაისის უძველესი ციხე-ქალაქი „დიდი ქუთაისი“ მდებარეობდა. ქალაქის განაშენიანება ამ ნაწილში ფერდობებზეა გაშლილი და როგორც ჩანს შუა საუკუნეებში, ციხე-ქალაქის გარშემო იყო განლაგებული, მაგრამ ამ სახით განაშენიანება ჩვენამდე არ არის მოღწეული. სანაპიროზე განლაგებული საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, რომლებიც ჩვენამდეა შემორჩენილი, მე-19 საუკუნისაა. შემორჩენილია მხოლოდ საქალაქო ზღუდეები, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი და საკულტო ნაგებობანი. ამ უბანში საცხოვრებელი სახლების მე-19 საუკუნეში იერსახის ცვლილება ქვეყნის და ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის ამსახველია, თუმცა შენარჩუნებულია განაშენიანებისა და ცალკეული შენობების ხასიათი და ადგილობრივი არქიტექტურული სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტები.

პროექტის ფარგლებში იგეგმება „მაგნოლიას“ საყრდენ კედელთან არსებულ თეთრ ქვებზე არის დინოზავრის ნაკვალევის ნაშთები და იქვე მდებარეობს გამოქვაბული, რომელიც ამ ეტაპზე შეუსწავლელია და იგეგმება მისი შესწავლა. ამ მნიშვნელოვანი განზრახვის გათვალისწინება უნდა მოხდეს ტერიტორიული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით და უნდა აისახოს პროექტში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …