ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა

ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივი აეროპორტიდან ავიაკომპანია აკ-ეარის მსუბუქი სამგზავრო საჰაერო ხომალდი L 410-ი დაეშვა. რეგულარული რეისები მესტიასა და ქუთაისს შორის კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შესყიდვების მონიტორინგის მენეჯერის, მარიამ ბახუტაშვილის განცხადებით,  მოთხოვნიდან და საჰაერო ხომალდის დატვირთულობიდან გამომდინარე, რეისების რაოდენობა შესაძლოა ეტაპობრივად გაიზარდოს.

“საქართველოს აეროპორტების გაერთანება  წლებია საქართველოში მოქმედ ადგილობრივ აეროპორტებში ადმინისტრირებას უწევს ქვეყნის შიგნით ავიარეისების შესრულებას. პანდემიის დაწყებისას, გარკვეული პერიოდი შეჩერდა, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ფრენების შესრულება, თუმცა ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხეთ აღგვედგინა რეისები მათ შორის მესტიის, ამბროლაურის და ბათუმის მიმართულებით.

დღეიდან კი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დატვირთვის პარალელურად, ჩვენ განვაახლეთ რეგულარული ავიამიმოსვლა მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებითაც. ეს მიმართულება აქტიურად სრულდებოდა პანდემიამდე და პოპულარული იყო როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებში”,-განაცხადა მარიამ ბახუტაშვილმა.

პანდემიის პირობებში, მესტიიდან პირველი ადგილობრივი რეისის მგზავრებს ქუთაისის განახლებული აეროპორტის ახალი გასასვლელი – ე.წ. გეითი მოემსახურა, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი ფრენებისთვის არის განკუთვნილი. პირველი რეისის მგზავრებს, რომელთა უმეტესობა უცხოელები იყვნენ, ტრადიულად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

“დღეს შევასრულეთ მესტიიდან ქუთაისში რეისი. ეს იყო ჩემ მიერ შესრულებული პირველი ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ამინდში ძალიან გაგვიმართლა. ფრენისას ულამაზესი ხედი გვქონდა მთებზე. ქუთაისი არის დიდი საერთაშორისო აეროპორტი, გაცილებით მარტივი და უსაფრთხოა ჩვენთვის აქ დაშვება. საფრენი პირობები კარგი იყო. მესტიიდან ქუთაისამდე ფრენას დაახლოებით 30 წუთამდე მოვუნდით,-“ განაცხადა ავიაკომპანია აკ-ეარის მფრინავმა მარკეტა კოუშალოვამ.

მესტია-ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება უცვლელი, 50 ლარი რჩება. 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. 0-3 წლამდე ჩვილების მგზავრობა კი უფასოა.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …