თბილისი (BPI) – ტენდერი ქვეშეთი-კობის გვირაბის ასაშენებლად თებერვლის მეორე ნახევარში გამოცხადდება.
ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება საშუალება წინასწარ მოემზადოს მასში მონაწილეობის მისაღებად.
ქვეშეთი-კობის გვირაბი, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საინჟინრო მნიშვნელობით გამორჩეულია – 9 კმ-იანი გვირაბის სიგანე 15 მეტრი იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია. ამ თვალსაზრისით, ქვეშეთი-კობის გვირაბი უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით, რაც გზის ამ მონაკვეთზე ხშირ და ხანგრძლივ შეფერხებებს იწვევს. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად. ჯამში, დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23 კილომეტრამდე გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა. ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს დღეს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ეს უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია და ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო კვალიფიციურმა და შესაბამისი რესურსის მქონე კომპანიებმა შეასრულონ.
“ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო დონის გამოცდილი კომპანიები დაინტერესდებიან აღნიშნული პროექტებით და მონაწილეობას მიიღებენ ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
დაინტერესებულ პირებს, სატენდერო პირობების შესახებ ინფორმაციას გაცნობა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: http://www.georoad.ge/?lang=eng&act=tenders&func=menu&pid=1386068909.