ქართულმა კომპანიებმა ლონდონში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

ლონდონის საგამოფენო ცენტრში „Olympia London“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „London Wine Fair 2022” გაიმართა, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებენ ღვინის კომპანიების მხარდაჭერას, რათა მათ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ ღვინის მსოფლიო ბაზარზე.  ლონდონში გამართულ გამოფენას ესწრებიან ღვინის ექსპერტები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენაში მონაწილეობა საუკეთესო შანსია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომ  საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ ინგლისელ მომხმარებელს, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას, როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ხელმძღვანელმა, ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა,  სარა ებოტმა (Sarah Abbott) ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია ღვინის პროფესიონალებისთვის ჩაატარა.

გამოფენაზე, რომელიც 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებადაა მიჩნეულია, მიმდინარე წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე მონაწილეს სხვადასხვა სახეობის 3 ათასზე მეტი ალკოჰოლიანი სასმელი ჰქონდა წარმოდგენილი.

გამოფენას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სოფიო ქაცარავა და დესპანი გიორგი საგანელიძე დაესწრნენ.

„ჩვენი დიპლომატიური უწყების საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა დიდ ბრიტანეთში. ბოლო წლების ტენდენცია არის საკმაოდ პოზიტიური – ექსპორტი დიდი ბრიტანეთში ყოველწლიურად იზრდება“, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები ხორციელდება. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 260 ათასამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53%-ით მეტია.

დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავამ და  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ საქართველოს საელჩოში საქმიანი შეხვედრა გამართეს. საუბარი შეეხო იმ სამომავლო ღონისძიებებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას და გაყიდვების ზრდას როგორც ადგილობრივ რესტორნებსა და ღვინის ბარებში, ისე დიდი ბრიტანეთის მსხვილ სავაჭრო ქსელებში.

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …