ფუფუნების ქართული ინდუსტრია

თბილისი (BPI) – “ჩემი გარდაცვალებდან 100 წლის შემდეგ გამოსული წიგნებიდან ერთის არჩევას თუ შემომთავაზებდნენ მოდების ჟურნალს ავირჩევდი, რადგან ის გაცილებით მეტს მეტყოდა განვლილ პერიოდზე ვიდრე ყველა ფილოსოფოსის, მეცნიერისა თუ მქადაგებლის ტრაქტატი ერთად აღებული”- ანატოლ ფრანსი.

ქართული მოდა საუკუნეების მანძილზე მართლაც ზუსტად ასახავდა იმ დროინელ რეალობას, მაგალითად მე-19 საუკუნის მიწურულს თბილისი მრავალფეროვანი ქალაქი იყო, აღმოსავლური და დასავლური კულტურის მოტივები ერთმანეთს ერწყმოდა. რამაც გავლენა ქართულ სამოსზეც მოახდინა, თუ მანამდე საქართველოში ადგილობრივად დამზადებული ქსოვილი გამოიყენებოდა, მე-19 საუკუნიდან მზა მასალის აქტიური იმპორტი დაიწყო, ამიტომ საქართველოში მოდის ახალი ტენდეცია დამკვიდრდა. მე-19 საუკუნის თბილისი ევროპულ ქვეყნებს დაემსგავსა, მაგრამ ქართული ჩაცმულობის ცალკეული ელემენტები თავის აქტუალობას არ კარგავდა.

საბჭოთა პერიოდში მოდა სისტემას დაემსგავსა. ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტად სიტყვები: ინდუსტრიალიზაცია და კოლექტივიზაცია ისმოდა, რასაკვირველია, სიტყვა ინდივიდუალიზმის ადგილი არ იყო. მკაცრად იყო განსაზღვრული საბჭოთა ადამიანის მორალური და ვიზუალური სახე. დასავლეთში წარმოებული ტანსაცმელი ისეთივე აკრძალული იყო, როგორც ზოგადად დასავლური ღირებულებები. საბჭოთა წარმოების სამოსი უნდა ყოფილიყო ფუნქციური, ესთეტიური მხარე კი უგულვებელყოფილი. თუმცა ამ განწყობის მიღმა მაშინაც არსებობდა სულ სხვა დამოკიდებულება მოდის მიმართ. მოქალაქეებს სურდათ ჩაეცვათ განსხვავებულად, ქონოდათ ის რაც საბჭოთა უნივერმაღებში არ იყიდებოდა.

დღეს ქართული მოდა არათუ არსებობს, არამედ მსოფლიოში ამინდს ამ სფეროში, მათ შორის, ქართველი დიზაინერები ქმნიან. ბოლო პერიოდში ამ ინდუსტრიაში აფეთქება დემნა გვასალიამ მოახდინა, ქართველი დიზაინერი, რომელმაც ქუჩის მოდა პოდიუმზე გადაიტანა ძალიან მალე მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში და ბალენსიაგას სახლის კრეატიული დირექტორიც გახდა.

დღეს ახალ ესთეტიკას მსოფლიოში სხვა ქართველი დიზაინერებიც ქმნიან, მათ შორის თამუნა ინგოროყვა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში სერიოზული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და მისი პირველი ჩვენება 2002 წლის დეკემბერს სამეფო უბნის თეატრში გაიმართა.

“ურთულესი იყო იმ პერიოდში რამის კეთება. მახსოვს პირველი ჩვენების დროს ქუჩაში თოვლის გადნობა მოგვიწია მარილის დაყრით, კულისებში ნავთის გამათბობლები გვქონდა, რომ გოგოები არ გაყინულიყვნენ.’’      

თამუნა ინგოროყვამ სამხატვრო აკადემიაში ტანსაცლის დიზაინზე ჩააბარა. შემდეგ პარიზში გაემგზავრა და 1998 წლიდან 2001 წლამდე მოდის უნივერსიტეტში სწავლობდა. პარიზში არაერთი სტაჟირება გაიარა სხვადასხვა მოდის სახლში. სწორედ იქ გააცნობიერა, რომ ეს პროფესია მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გამხდარიყო.

“ექიმების ოჯახიდან ვარ და, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს ძალიან უნდოდა ვყოფილიყავი ექიმი, თუმცა დედაჩემის თანადგომით გადავწყვიტე გამოვსულიყავი დიზაინერი და ჩამებარებინა აკადემიაში, მჭირდებოდა უფრო მეტი სწავლა და ამიტომ გადავწყვიტე, წავსულიყავი საზღვარგარეთ და დავუფლებოდი ამ პროფესიას. სტაჟირება მქონდა დიორში, ნინა რიჩი, ლაგერფელდთან- მის სტუდიაში, ყოველთვის ვცდილობდი, რომ დრო არ დამეკარგა,”, – ამბობს თამუნა.

2002 წელს გამართული პირველი ჩვენების შემდეგ ბრენდი სწრაფად გახდა პოპულარული, წლების განმავლობაში მონაწილეობდა პარიზის, მილანის, ნიუ-იორკის შოურუმებში. დღეს საქართველოს გარდა მისი სამოსი ჩინეთში, იაპონიაში, საფრანგეთში, ინგლისში და სხვა ქვეყნებში იყიდება.

ბრენდი არაერთმა უცხოელმა ვარსვკლავმაც მოირგო, მათ შორის, 2019 წლის კოლექციიდან შავი კაბით ოსკარების დაჯილდოვებაზე მომღერალი ლედი გაგა წარსდგა.

“სასიამოვნოა როცა შენს სამოსს ცნობილი ადამიანი ირგებს. სასიამოვნოს გარდა, პირველ რიგში, ეს არის ბრენდის განვითარების  ერთ-ერთი მხარე, ბევრი რამ მოაქვს – პირველ რიგში, ცნობადობა, ინტერესი, გაყიდვები. გლობალურ პლატფორმაზე გადადის ბრენდი.’’

ამბობს, რომ ადამიანი თავისი ჩაცმულობით მის შინაგან მდგომარეობას გამოხატავს. მისთვის მთავარია, რომ თუნდაც უბრალო მაისურის უკან კონცეფცია, იდეა და ისტორია იყოს. კოლექციების შექმნისას მთავარ შთაგონებას ყოველდღიური ცხოვრებიდან და მოგზაურობიდან იღებს.

“ყოველი კოლექციის წინ არის სხვადასხვა ინსპირაცია. ინსპირაცია ჩემთვის არის ცხოვრების ყოველი მომენტი. მიყვარს თანამედროვე ხელოვნება. ვათვალიერებ სხვადასხვა ხელოვანის ნამუშევრებს, ვუყურებ ბევრ ფილმს, რაც ასევე შთაგონების წყაროა და სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერი გამომივიდოდა. 17 წელია ამ საქმეს ვემსახურები და ამ გრძნობის გარეშე ამას ამდენი ხანი ვერ გავაკეთებდი.’’

დღეს ქართველი დიზაინერების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პლატფორმა მერსედეს ბენცის მოდის კვირეულია. მსგავსი პლატფორმებისა და დიზაინერების მიერ ინდივიდუალურად გაწეული შრომის ხარჯზე ქართული მოდა მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად ჩანს და სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.

ნინი ტყებუჩავა , “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …