ქართული ენერგობაზარი ევროპულს უნდა დაემსგავსოს

თბილისი (BPI) – ენერგეტიკის სფეროში რეფორმები მიზანი ქართული ენერგობაზრის ევროპულთან დაახლოებაა. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ რეფორმებმა ხელი უნდა შეუწყოს კონკურენტუნარიანი და ღია ბაზრის ჩამოყალიბებას და მომხმარებლის დაცულობას.

ნათია თურნავას თქმით, რეფორმის ფარგლებში გაიზარდა დერეგულირებული ბაზრის ნაწილი, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, პარლამენტმა კი მიიღო რეფორმის საკანონმდებლო ბაზა.

„ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის წყალობით, შემცირდა ზეწოლა ტარიფებზე, რასაც ბიზნესი ითხოვდა და ყველა გამოწვევის მიუხედავად შევძელით მოსახლეობისა და მცირე ბიზნესისთვის ტარიფების უცვლელად შენარჩუნება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციების მოზიდვას ენერგოსექტორში. ნათია თურნავამ დაასახელა რამდენიმე მათგანი, მათ შორის, „ნამახვანი ჰესი“, რომელიც წელს მშენებლობის ეტაპზე გადავა, ასევე 250 მგვტ სიმძლავრის 4 ახალი ქარის სადგურის პროექტი, რომლებიც უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ და ინვესტორები ამჟამად სამშენებლო ნებართვის მიღებას ელოდებიან.

„დიდი წარმატება იყო გორის ქარის სადგურის პრივატიზება, რაც იმას ადასტურებს, რომ მდგრადი და მიმზიდველი პროექტია. ჩვენ ასევე ვგეგმავთ მზის ენერგოპროექტების დაწყებას. რაც მთავარია, ბაზრის გახსნამ შესაძლებელი გახადა, რომ მცირე და საშუალო ჰესები ვითარდება ყოველგვარი გარანტირებული შესყიდვის ტარიფის გარეშე. ასეთი უკვე 24 პროექტია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …