თბილისი (BPI) – ხორბლის ექსპორტზე რუსეთის მიერ გაზრდილი საბაჟო ტარიფებისა და დაწესებული კვოტების გამო, ქართველმა იმპორტიორებმა რუსეთის ბაზრის ჩანაცვლებაზე მუშაობა დაიწყეს. ალტერნატივად ამ ეტაპზე ყაზახეთი განიხილება, საიდანაც ხორბლის პირველი პარტია უკვე შემოვიდა, შესაბამისად, ქართველმა იმპორტიორებმა რუსეთან მოლაპარაკებებიც შეწყვიტეს.
„ბარაქა“ არის პირველი კომპანია, რომელმაც ყაზახეთიდან 2000 ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა. აქედან, 1000 ტონა უკვე საქართთველოშია და შესაბამის საბაჟო პროცედურებს გადის, დანარჩენი მარაგი კი გზაშია და უახლოეს 1 კვირაში საქართველოს ტერიოტირაზე შემოვა.
წისქვილკომბინატ „ბარაქას“ გენერალური დირექტორის ლადო ბიძინაშვილის თქმით, ვიდრე რუსეთი საექსპორტო გადასახადს დააწესებდა, ბოლო პერიოდში რუსული ხორბლის ფასი დაახლოებით, 280$–ის ფარგლებში მერყეობდა.
„15 თებერვლიდან ექსპორტის გადასახადი 25 ევრო იყო, რომელიც 1 მარტიდან ორმაგდება, აქედან გამომდინარე რუსული ხორბლის ფასი 320$–მდე გაიზრდება. შესაბამისად, ყაზახური ხორბალი კონკურენციას გაუწევს რუსულს, რადგან უკვე გარდაბანში ჩამოტანილი ნედლეულის ფასი 280–დან 300 დოლარის ფარგლებში მერყეობს,“– აღნიშნავს ლადო ბიძინაშვილი.
როგორც ირკვევა ქართველმა იმპორტიორებმა რუსეთან მოლაპარაკებები გაზრდილი ფასის გამო უკვე შეწყვიტეს და სხვა მომწოდებლებს მიმართეს.
„რუსეთთან გაჩერებული გავქვს ყველაფერი, რადგან არაადეკვატური ფასია და სერიოზულ გავლენას მოახდენს ფქვილის ფასსზე. იძულებული ვართ მოვძებნოთ სხვა მომწოდებლები, იქნება ეს უკრაინა თუ ყაზახეთი. ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ვმუშაობთ უკვე ყაზახ პარტნიორებთან, ვგეგმავთ მარტის ბოლომდე, ყაზახეთიდან 10 000 ტონა ხორბალი შემოვიტანოთ,“ –„ჯეომილის“ დირექტორი ბესიკ ბეჟაშვილი.
“საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ პრეზიდენტი ლევან სილაგავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რუსეთის მხრიდან საკმაოდ მაღალი ბაჟის დაწესება, უახლოეს მომავალში ყაზახეთის ბაზარს საქართველოსთვის კიდევ უფრო მოთხოვნადსა და საინტერესოს გახდის. მნიშვენლოვანია, რომ აღნიშნული მიმართულებით პროცეები უკვე დაიწყო და ექსპერტები ქართველი იმპორტიორების მხრიდან ალტერნატიული ბაზრების მოძიებას დადებითად აფასებენ.
ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული გიორგი ჯახუტაშვილს მიაჩნია, რომ ყაზახეთის ბაზარი იქნება კონკურენტუნარიანი ხორბლის იმპორტის მიმართულებით და ლოჯისტიკური პრობლემების დარეგულირების შემდეგ კი, უფრო მიმზიდველიც გახდება.
„ლოჯისტიკის ფასის სიძვირე იწყვევს იმას, რომ ტვირთბრუნვა არის გაურკვეველი და ფრაგმენტირებული, რაც სავაჭრო ურთიერთობების, როგორც ცალმხრივ, ასევე ორმხრივ განვითარებას აფერხებს. საქართველოს აქვს სურვილი, რომ იყოს ლოგისტიკური ჰაბი. თუ ინფრასტუქტურა და პროდუქციის რაოდენობა არ იქნება შესაბამისი, ლოგისტიკური ჰაბი ვერ გახდები. საქართველოს რკინიგზა ამაში მთავარი მოთამაშეა,“– აღნიშნავს ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული გიორგი ჯახუტაშვილი.