„ქართველების ყველაზე ძლიერი მხარე არის სტუმარ-მასპინძლობა და სწორედ ესაა მთავარი თემა და აქცენტი, რაც ITB Berlin – ის გამოფენის მსვლელობისას გვექნება წარმოჩენილი,” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომლის დროსაც წარმოდგენილი იყო საქართველოს კონცეფცია, როგორც ITB Berlin 2023 გამოფენის მასპინძელი ქვეყნის და ქვეყნის ტურიზმის ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა იყოს ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანა. „ყველას ნათლად გვესმის, რომ გლობალურ ასპარეზზე წარმოჩენასთან ერთად აღნიშნული მისცემს ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას შემდგომი განვითარების ღირებულ შესაძლებლობას. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რასაც ITB Berlin – ი გვაძლევს,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მან მოუწოდა საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის, რათა საქართველო წარმოჩინდეს საუკეთესოდ და ჩვენი ქვეყნის მასპინძლობა მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე იქცეს დასამახსოვრებელ მოვლენად საერთაშორისო მასშტაბით.
„დარწმუნებული ვარ, რომ ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი მდიდარი კულტურის, ბუნებისა და ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად გაზიარებას და ამავდროულად ხელს შეუწყობს მრავალი საინტერესო თანამშრომლობის გაღრმავებას. მჯერა, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელს მსოფლიოს ჩვენს სტუმართმასპინძლობას. სწორედ ამ კონცეფციით მომზადდა ახალი ვიდეორგოლი სახელწოდებით – სტუმარი. ამ ვიდეო- რგოლს რა თქმა უნდა, ITB Berlin-პლატფორმაზეც გამოვიყენებთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ყველა ერთად ბევრი სტუმრის მასპინძლები ვიქნებით ჩვენს უნიკალურ ქვეყანაში,” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ITB Berlin – ის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მისცემს პირდაპირ წვდომას მსოფლიოს უმსხვილეს ბაიერებთან და მიზნობრივ ბაზრებთან, 37 მლნ ევროს ღირებულების მედია დაფარვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ამით მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200-ათასიან აუდიტორიას, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოფენის მსვლელობისას საქართველოს ექნება მთავარ პავილიონში 705 კვ.მ. ფართობის სტენდი, რაც ქვეყანას უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით ტურისტული კომპანიის წარდგენის შესაძლებლობას მისცემს. მან მოუწოდა სექტორს თანამშრომლობისთვის, რათა საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად იყოს წარმოჩენილი და ქვეყანამ სრულად მიიღოს ის სარგებელი, რასაც ITB Berlin – ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი იძლევა.
პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის შესახებ ახალი საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართა.
შემთხვევითი სიახლე
ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია
კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …