ფრეგოს დამფუძნებლებმა ბიუჯეტს 2,8 მლნ-ის ზიანი მიაყენეს – საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – “ფრეგოს” დამფუძნებლების დაკავებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 2019 წლის 27 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დაკავებულ იქნა კვიპროსში რეგისტრირებიული ნავთობპროდუქტების კომპანია „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის მფლობელი გ.თ. და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვ.ყ. რომლებიც თავის მხრივ, სრულად წარმართავენ საქართველოში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანიების – შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალბითუმის“ საქმიანობას.

“გ.თ. და ვ.ყ. დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ დიდი ოდენობით დღგ-ს ყალბი აქტივის მქონე საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან, რომლებმაც დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, უცხოეთიდან საქართველოში „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის სახელით შემოტანილი განუბაჟებელი საწვავი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების (ინვოისების) გამოყენებით ფიქტიურად გადააწერეს ყალბი აქტივის მქონე კომპანიას, რომელმაც განაბაჟა (ყალბი აქტივიდან გადახდილად აჩვენა აქციზის და დღგ-ს გადასახადი) და შემდგომში მიწოდებულად აჩვენა შპს „ფრეგოზე“ და შპს „გლობალბითუმზე“, რითიც ამ უკანასკნელმა კომპანიებმა თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადს.

საერთო ჯამში, გ.თ-სა და ვ.ყ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2 837 683 ლარი.

2019 წლის 29 ივლისს, გ.თ. და ვ.ყ. ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …