ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის სებ-ი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს.

აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას.  სცენარების მიმდინარე განახლება, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური საპროგნოზო ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება.

დოკუმენტში ასახულ პროგნოზებში ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობასა და მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებული დაშვებებია. საბაზო სცენარი ქვეყანაში მიმდინარე წელს დადებითი ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას განიხილავს, რაც დაკრედიტების მაღალი ტემპის შენარჩუნებითა და გაზრდილი ფულადი შემოდინებებით არის განპირობებული. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკის გაჯანსაღება საბაზო სცენართან შედარებით, უფრო მდგრადი ხასიათისაა, რაც ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის განვითარებითა და გლობალური მიწოდების პრობლემების შედარებით სწრაფად აღმოფხვრით მიიღწევა. პესიმისტური სცენარი კი რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივებასა და გლობალური ფინანსური პირობების დამატებით გამკაცრებას ითვალისწინებს, რაც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებაში აისახება. საპროგნოზო პერიოდისთვის დამახასიათებელია ჩვეულზე მაღალი გაურკვევლობა და გაზრდილი რისკები.

ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროგნოზო ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე.

ამასთან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი საპროგნოზო სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …