ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს მიმდინარე დავალიანების ძირი თანხის დაფარვისთვის 1 დღიან ვადას აძლევს

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.

“ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს, საჯარო განცხადებით მიმართა ტელემაუწყებლებს, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახდო დავალიანების შესახებ, წარმოედგინათ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები და ასევე, დაეწყოთ მიმდინარე დავალიანებების გადახდა.

ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი, რაც შეეხება მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებს, ტელევიზიებმა არ მოახდინეს მათი გადახდა, რის გამოც, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იძულებულია განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები.

ფინანსთა სამინისტრო აცნობიერებს, რომ მედიასაშუალებებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში და სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მაქსიმალურად ითვალისწინებდა მათ ინტერესებს, რისი დასტურიც არის წლების განმავლობაში დაგროვილ საგადასახადო დავალიანებებზე გაწეული შეღავათები და მათი გადახდის გრაფიკზე ამ დრომდე მიმდინარე მოლაპარაკებები. ამასთან, საგადასახადო ორგანო არაა ვალდებული, საჯარო გაფრთხილება მისცეს გადამხდელს საგადასახადო კოდექსით არსებული ღონისძიებების შესახებ და ფინანსთა სამინისტროს ეს განცხადებაც სწორედ ტელემაუწყებლების ინტერესების გათვალისწინებას ემსახურება.

ამავე დროს, მედიასაშუალებების მიმართ გაწეული ამგვარი შეღავათი, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა გადამხდელებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან, როგორც მიმდინარე გადასახადებს, ისე ძველ დავალიანებებს.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ყველა გადამხდელის ინტერესები, ამასთან ერთად, ეფექტურად მართოს საჯარო ფინანსები, რაც ნიშნავს იმას, რომ გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი თანხები უნდა მოხმარდეს თითოეულ მოქალაქეს, სახელმწიფოს როგორც სოციალური, ისე სხვა მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესასრულებლად”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …