ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის ვადები მცირდება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებათა პროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კანონში ცვლილებები ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის ვადების შემცირებას ითვალისწინებს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო აღნიშნულ კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც გახანგრძლივდა ბაზარზე დაშვების ვადები ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციისას 15 სამუშაო დღემდე, ასევე, განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით საქართველოს ბაზარზე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის პირველად შემოტანისას – 10 სამუშაო დღემდე.

მისივე თქმით, დღევანდელ სიტუაციაში უკვე მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ კვლავ გამარტივდეს აღიარებითი რეჟიმით და განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით შემოტანისას, ბაზარზე დაშვების პროცედურა, რაც გულისხმობს რეგისტრაციის ვადის შემცირებას.

ამგვარად, ცვლილება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში გულისხმობს ბაზარზე დაშვების ვადის შემცირებას: აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისას 15 დღიდან 7 დღემდე, ხოლო განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანისას, 10 დღიდან 5 დღემდე.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …