უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება დასჯადი გახდება

თბილისი (BPI) – ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება დასჯადი გახდება.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-2 მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება, რისთვისაც სასჯელის სახით 2-4 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, 2 ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, რომლისთვისაც სასჯელის სახით  3-6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე ქმედების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების 4-7 წლამდე ვადით აღკვეთა. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი დაისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

კანონპროექტი მიზნად ისახავს ერთი მხრივ,  უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების მაჩვენებელის შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ,  ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხის დაყენების თავიდან აცილებას.  

  2017 წელს, როცა საქართველოს ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცა, ევროკავშირმა წინასწარ წააყენა ის პირობები, რომელთა დადგომის შემთხვევაში  შეჩერების მექანიზმის ამოქმედდებოდა. საქართველოსთვის ეს საკითხი შეიძლება დღის წესრიგში დადგეს, ვინაიდან არალეგალური მიგრაციის რაოდენობა ძალიან გაიზარდა. პარლამენტის წევრის თამარ ხულორდავის ინფორმაციით 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 72%-ით არის გაზრდილი თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა. საზღვარზე უარის თქმა კი 200%-ით არის გაზრდილი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით.

თამარ ძინძიბაძე, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …