უკრაინასა და საქართველოს შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ ახალი შეთანხმება გაფორმდება

საქპატენტის დელეგაციამ, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების დეპარტამენტისა და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტის („უკრპატენტი“) წარმომადგენლებთან. კიევში,  29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი და საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კასრაძე.

შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა, უწყებებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის გეგმების განხილვა, კერძოდ: უკრაინასა და საქართველოს შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ ახალი, ყოვლისმომცველი შეთანხმების გაფორმება, რაც ორივე ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და დადებითად აისახება ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ხელს შეუწყობს  ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გამყარებას, ასევე დააჩქარებს უკრაინასა და საქართველოს შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა, მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ ორგანიზებულ  სამუშაო შეხვედრაში, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების წარმომადგენლებისთვის, სადაც EUIPO-ს მიერ  შექმნილი ქსელის ფარგლებში, განიხილეს  ინსტრუმენტებისა და პრაქტიკის შესახებ ტექნიკური დეტალები.

უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების განვითარების დეპარტამენტი და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტი („უკრპატენტი“) წარმოადგენენ უკრაინის სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და განვითარებაზე. ”უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტი“ („უკრპატენტი“) არის უკრაინაში ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი დაცვის სახელმწიფო სისტემის ინსტიტუციური კომპონენტი და ასრულებს ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების უწყების ფუნქციას უკრაინაში უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2020 წლის 13 ოქტომბრის No. 1267-r ბრძანებულების მიხედვით „ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყების შესახებ.“

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …