ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მაიკლ ბენგმა სფეროს წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო სპიკერმა მაიკლ ბენგმა მასტერკლასი „ოქროს სამეული სტუმარმასპინძლობისთვის“ გამართა. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ტრენინგის დაწყებამდე მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიო ტურისტულ ბაზარს შევთავაზოთ მაღალი სტანდარტის ტურისტული პროდუქტი და მომსახურება, შესაბამისად მსგავსი ტიპის ტრენინგი ჩვენს სექტორს ეხმარება გაეცნოს საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებს. ამ მიზნით ძალიან გამოგვადგება მაიკლ ბენგის გამოცდილება, რომელიც მრავალ წელს ითვლის. აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორის მზაობა ძალიან დიდია შეიტყოს სიახლეები ამ მიმართულებით, რაც ძალიან გვახარებს და იმედს გვაძლევს, რომ მსოფლიო სტანდარტების გამოყენებით უფრო მეტი ვიზიტორი მოვიზიდოთ“,-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

მასტერკლასში ტურიზმის სფეროს 300 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ღონისძიებას განთავსების ობიექტების, ტურისტული ასოციაციების, კვების ობიექტების, საქმიანი ტურიზმის კომპანიების წარმომადგენლები, ტურ-ოპერატორები და გიდები ესწრებოდნენ.
მაიკლ ბენგის მასტერკლასი გუნდურ მუშაობას, გაყიდვებსა და მომსახურებას მოიცავდა. ტრენინგის მიზანია ტურიზმის სფეროში სერვისისა და გაყიდვების გაუმჯობესება, მომსახურების სფეროში ადამიანური რესურსის შენარჩუნება და მართვა.

„საქართველოში პირველად რამდენიმე წლის წინ ვიყავი, პანდემიის დროს ონლაინ ტრენინგი გავმართეთ, თუ როგორ გადარჩენილიყო სექტორი კრიზისის დროს. ახლა ვხედავთ ინდუსტრიას დიდი ზრდა აქვს და უფრო მეტი შესაძლებლობებიც გაჩნდა. დღეს ტურისტულ სექტორში მნიშვნელოვანია იყო უფრო აქტიური, უფრო კრეატიული და კარგად იზრუნო კლიენტზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილი დახვედრა, რომ საქართველოდან წასულმა ტურისტმა სხვას გაუზიაროს აქ მიღებული დადებითი შთაბეჭდილებები“,-ამბობს მაიკლ ბენგი.

ტრენინგის მნიშვნელობაზე საუბრობს კერძო სექტორის წარმომადგენელი.

„ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველთვის ატარებს ჩვენთვის საინტერესო ტრენინგებს, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სფეროში უფრო მეტი სემინარი გაიმართოს, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, კარგი გუნდი ჩამოვაყალიბოთ და ჩვენი ქვეყანა უფრო ტურისტული გახდეს, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაძლიერებას“,-აცხადებს ქეთევან ძიძიგური „ვილა მოსავლის“ წარმომადგენელი.

მაიკლ ბენგმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი 2019 წელსაც გამართა.
მაიკლ ბენგს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს გაყიდვების, მოლაპარაკებების, მომსახურებისა და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში. ბენგი ცნობილია საავტორო პროგრამებით, რომელიც უკავშირდება აქტიურ გაყიდვებს დროის ეფექტურ მართვას და კლიენტთა მომსახურებას. მაიკლ ბენგს ჩატარებული აქვს ტრენინგები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს კომპანიებში: Panasonic,Toyota,Volvo,Nestle,Unilever,Heineken.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ …