ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის – ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ენერგეტიკის სექტორი ზამთარს მომზადებული ხვდება. ამასთანავე, ამ ეტაპის მონაცემებით, ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის.
„მიმდინარე წელს 2021 წელთან შედარებით ელექტროენერგიის წარმოება გაზრდილია 9.8%-ით. წინა წელს ელექტროენერგიის ჯამურმა გამომუშავებამ შეადგინა 12,431 მლრდ კვტ/სთ, ხოლო 2022 წელს – საპროგნოზო მაჩვენებლების შესაბამისად, ჯამური გამომუშავება შეადგენს 13.645 მლრდ კვტ/სთ-ს. მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 4%-ით. 2021 წლის ჰიდროელექტროსადგურების ჯამურმა გამომუშავებამ შეადგინა 10,064 მლრდ კვტ/სთ, ხოლო 2022 წლის ჯამური საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 10,466 მლრდ კვტ/სთ-ით. ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების წილის ზრდა განპირობებულია ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგად სადგურის წარმოების მაჩვენებლების გაუმჯობესებით. რაც შეეხება ელექტროენერგიის შიდა მოხმარებას, 2021 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს მოხმარება გაზრდილია 6.2%-ით და შეადგენს 14,914.9 მლრდ კვტ/სთ-ს.
2021 წელთან შედარებით 27%-ით შემცირებულია იმპორტი და 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს განხორციელებული იმპორტის ჯამური მოცულობა 1.465 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს. საქართველომ იმპორტის განხორციელება სექტემბერში უკვე დაიწყო, ხოლო ექსპორტი მინიმუმამდე შეამცირა. იმპორტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსთვის ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ. საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის მიხედვით, ენერგიის ჯამურ მოხმარებაში ბუნებრივი გაზის წილი 38%-ს აჭარბებს.
ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99%-ზე მეტი კმაყოფილდება იმპორტით, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილი, ადგილობრივი მოპოვებით. გაზის უმთავრესი მომწოდებელია აზერბაიჯანის რესპუბლიკა. საშუალოდ, საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს ქვეყნის მთლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 91%-ს.
დავით ნარმანიას თქმით, საქართველო გრძელვადიანი მოწოდების კონტრაქტების ფონზე ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის ბაზრისა და ფასების სტაბილურობას. სისტემა ტექნიკურადაც მზად არის და ზამთრის პერიოდში არსებული მოთხოვნაც დაკმაყოფილდება ისე, როგორც ეს წინა ზამთრის პერიოდებში ხდებოდა, ჩვეულებრივ გაზის სხვადასხვა კონტრაქტების მეშვეობით.
„განხორციელდა დაგეგმილი სამუშაოები სოკარის მფლობელობაში არსებულ განაწილების ინფრასტრუქტურაზე ქვეყნის შიგნით. აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდება გრძელდება არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში. დამტკიცებული ბალანსის შესაბამად, ქვეყნის ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის უზრუნველყოფა დაგეგმილია აზერბაიჯანიდან. არსებული მოცემულობის და მზაობის ხარისხის გათვალისწინებით გაზის მოწოდების თვალსაზრისით გამოწვევებს არ ველოდებით.
მიმდინარეობს ბუნებრივი გაზის ბაზრის გახსნის საწყისი სამუშაოები, ამ პროცესში მარეგულირებელი კომისია აქტიურად არის ჩართული. ვაანალიზებთ ელექტროენერგეტიკის ბაზრის გახსნის პროცესში დაგროვილ გამოცდილებასა და ვახდენთ მის გათვალისწინებას ბუნებრივი გაზის ლიბერალიზაციის გზაზე. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდგომ ბუნებრივი გაზის განაწილებისა და ტრანსპორტირების ლიცენზიის მფლობელებს დაეკისრათ ხელახალი ავტორიზაციის გავლის ვალდებულება. კანონის ამოქმედებამდე გაცემული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიები დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მფლობელები კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე აგრძელებენ შესაბამისი მომსახურებების გაწევას. აღნიშნული ლიცენზიების მოქმედება კანონის საფუძველზე ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ავტომატურად შეწყდება. მიმდინარე პერიოდში ლიცენზიატი კომპანიები გადიან აღნიშულ პროცესს და ახალი კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადიან ავტორიზაციას. ​
კომისია ყოველწლიურად ითანხმებს ლიცენზიატი კომპანიების მიერ წარმოდგენილ 5 წლიან განვითარების გეგმებს. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს სისტემის პროგნოზირებად და მდგრად განვითარებას. სამი მსხვილი გამანაწილებელი კომპანიის მონაცემების მიხედვით, არსებული გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და ახალი ქსელის მშენებლობის ფონზე, ბოლო წლების განმავლობაში, შემცირებულია უბედური შემთხვევების რაოდენობის სტატისტიკა,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …