სკოლის ადმინისტრატორებისთვის “დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელოს” პრეზენტაცია გაიმართება

თბილისი (BPI) – „დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ სკოლის მართვის დამხმარე და ინოვაციური პროდუქტია, რომელიც „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. იგი  მიზნად ისახავს ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობას დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელებაში, საუკეთესო გამოცდილებათა თავმოყრას, როგორც საქართველოს, ისე უცხოური ქვეყნების მაგალითზე და სკოლის ადმინისტრატორებისათვის ერთიანი სახელმძღვანელო გზამკვლევის შექმნას პრაქტიკული/კონკრეტული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით.

სახელმძღვანელო უფასოდ გადაეცა ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე საგანმანათლებლო ორგანიზაციას.  წიგნის ელექტრონული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია  ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

24 თებერვალს, 19:00 საათზე,  „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია“ ახალ სახელმძღვანელოს უკეთ გაცნობის მიზნით, გამართავს წიგნის პრეზენტაციას სასკოლო საზოგადოების წევრებთან და განათლების სფეროში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციასთან.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ავთო აბდუშელიშვილი – „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელი, გია მურღულია – სკოლა „ლოგოსის’’ დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, სახელმძღვანელოს მთავარი რედაქტორი, ზურაბ კერვალიშვილი – „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დირექტორი, მარიამ ჩიქობავა – საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სიმონ ჯანაშია – განათლების მკვლევარი, გიორგი ჭანტურია – კოალიცია „განათლება ყველასთვის’’ დირექტორი, მეგი კავთუაშვილი – ასოციაცია „ მშობლები განათლებისთვის’’ ხელმძღვანელი, ეკატერინე კვირიკაშვილი – ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ბარაბაძე – პედაგოგიკის დოქტორი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი და სხვები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ დისტანციური სწავლების ეფექტიანი მართვის კარგი პრაქტიკის დანერგვისა და სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციების გამოყენების გზებს უშუალოდ ავტორებისაგან, ხოლო ამ უკანასკნელებმა მიიღონ პირველი უკუკავშირი სკოლის ადმინისტრატორებისგან სახელმძღვანელოს მომდევნო გამოცემის გაუმჯობესების მიზნით.

საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია დაფუძნდა 2016 წელს და მისი მიზანია საქართველოში ეფექტური და ეფექტიანი სასკოლო მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაცია აერთიანებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის ადმინისტრატორებს. ასოციაცია  განათლების მიმართულებით  გახლავთ მრავალი კონფერენციის, პრაქტიკული ტრენინგისა და სემინარის ორგანზატორი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით გამოსცემს ჟურნალ ” სკოლის მართვას”

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ინა გუდავაძის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების  სისტემის განვითარებას. გპფ სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო განათლება, საშუალო სპეციალური განათლება და უმაღლესი განათლება.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …