სილქნეტი დაბლოკილ ვებ-გვერდებზე განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – კომპანია სილქნეტი დაბლოკილი ვებ გვერდების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინტერესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გვინდა ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ საკითხს გამოვეხმაუროთ გარკვეულ ვებ გვერდებთან წვდომის შეზღუდვაზე, რათა საზოგადოებას და ჩვენს მომხმარებელს განვუმარტოთ იმ პრობლემატიკის შესახებ, რაც ესოდენ ნეგატიურად აღიქმება.

მოხდა კონკრეტული ვებ გვერდების დაბლოკვა. ეს ის გვერდებია, რომლებიც არალეგალურად ახდენდნენ იმ კონტენტის, კერძოდ ფილმების და სერიალების გავრცელებას, რაშიც კომპანიები, მათ შორის სილქნეტი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე კანონიერად და პასუხისმგებლიანად, ყოველწლიურად, მილიონობით ინვესტიციებს ახორციელებენ. ის ვებ გვერდები კი, რაც დაიბლოკა, ახდენდნენ ჩვენს მიერ ოფიციალურად მოპოვებულ ფილმებისა და სერიალების  არალიცენზირებულად გავრცელებას მომხმარებელზე. ეს ხდებოდა ყველანაირი კანონის დარღვევით, ბიუჯეტში გადასახადების თავის არიდებით. მსგავსი ქმედებები აზარალებს როგორც ბიზნესს, ასევე ჩვენს ქვეყანას.

ვწუხვართ, რომ მომხმარებელს შეექმნა დისკომფორტი, იმის გამო, რომ ვეღარ ახორციელებს ამ ვებ გვერდებთან წვდომას. გვინდა მივმართოთ როგორც ჩვენს მომხმარებელს, ასევე მთელს საზოგადოებას და განვუმარტოთ, რომ ეს ვებ გვერდები მიეკუთვნება პირატული, სახელმწიფოს გადასახადების გვერდის ავლით მოქმედ პირებს. ვიმეორებთ: ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენს კომპანიას და ქვეყნის ეკონომიკას.

იმ პირობებში, როდესაც სილქნეტი იგივე კონტენტის (ფილმების და სერიალების) მოპოვებისთვის მილიონობით ლარს იხდის, რომ მომხმარებელს მიაწოდოს ლიცენზირებული კონტენტი, პირატული ვებ გვერდები მომხმარებელს აწვდიან არალიცენზირებულ კონტენტს. მსგავსი გარემოება ქმნის იმ წინააღმდეგობრივ სიტუაციას, სადაც, ერთის მხრივ, არის კომპანია მაღალი ხარისხის ლიცენზირებული კონტენტით და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ბიუჯეტში შეტანილი გადასახადებით და მეორეს მხრივ – პირატული ვებ გვერდები, რომელთა უკან ბიუჯეტში გადასახადების გვერდის ავლით მოქმედი უპასუხისმგებლო მხარე დგას.

ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ, საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, გავაკეთეთ განცხადება და მივმართეთ მარეგულირებელ კომისიას, რათა გაემკაცრებინა რეგულაციები ამ კუთხით. ამის პარალელურად, მივმართეთ საზოგადოებას თხოვნით, რომ ერთად აგვემაღლებინა  ხმა სხვათა უფლებების დასაცავად და ამით ჩვენს საზოგადოებაში დაგვემკვიდრებინა ისეთი ღირებულებები, როგორიც საკუთრებისა და საავტორო უფლებების  დაცვაა. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც პატივს ვცემთ და ვიცავთ  ინტელექტუალურ საკუთრებას.

საქართველოს ბაზარზე ჯერ კიდევ მოქმედებდნენ  ვებ გვერდები, სადაც  კინოპროდუქციის გავრცელება არალეგალურად მიმდინარეობდა. აღნიშნულ საიტებს, ხშირ შემთხვევაში,  კონკრეტულ ფილმებზე არ ქონდათ მოპოვებული კინოდისტრიბუციის უფლება, მაშინ როცა, ისეთი კომპანიები, როგორიც სილქნეტია,  მილიონობით ლარს ხარჯავენ ექსკლუზიური კონტენტის და ფილმების შესაძენად. სწორედ ეს საიტები დაიბლოკა სილქნეტის მიერ ზემოთ აღნიშნული მიზეზით.

გვინდა, მაქსიმალურად ღია ვიყოთ საზოგადოებასთან და ჩვენს მომხმარებელთან. ჩვენ კამპანიის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ამ ინდუსტრიას დასჭირდება დიდი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რომ კანონი გახდეს გარანტი და დაინერგოს ეფექტური მექანიზმები, რათა სწრაფად მივუახლოვდეთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, როგორიცაა   ქვეყნის შიგნით  საავტორო უფლებების დაცვა და არალეგალური კონტენტის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინსტრუმენტების შექმნა.

კომპანია სილქნეტი არალეგალური ფილმების გავრცელების წინააღმდეგ კამპანიას აგრძელებს. ჩვენ, ჩვენი ბიზნეს პასუხიმგებლობის ფარგლებში, მომხმარებელს ვთავაზობთ მხოლოდ ლიცენზირებულ პროდუქციას. ერთად შევქმნათ ისეთი ინტერნეტ სივრცე, სადაც მხოლოდ ლეგალური და ლიცენზირებული ფილმები გავრცელდება.

ინფორმაციისთვის, განვმარტავთ და ვადასტურებთ, რომ ამ მოძრაობის ფარგლებში, დაიბლოკა კონკრეტული ვებ გვერდები, რომლებიც არალეგალურად აწარმოებდნენ არალიცენზირებული კონტენტის გავრცელებას და წარმოგიდგენთ ამ ვებ გვერდების ჩამონათვალს:

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …