თბილისი (BPI) – კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა. დავა კომპანიასა და თბილისის მერიას შორის შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა 4,3 მლნ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები.
თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2007 წელს გაუფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა. ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მერიას „სითი პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა.
მერიამ კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს შეუწყვიტა, რისი მიზეზიც გახდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ამის შემდეგ „სითი პარკმა“ წამოიწყო სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია პარკირების სისტემას 2018 წლის 10 აპრილიდან მართავს.