სემეკში, ქ. რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2024-2026 წლების საინვესტიციო გეგმების განხორციელების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ქ. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, სემეკის წევრები და ქ. რუსთავის მერის მოადგილე.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების შესრულების ვადებსა და ხარისხს სემეკი დროის პირდაპირ რეჟიმში გაუწევს მონიტორინგს.
„ვაკონტროლებთ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ რამდენად სრულდება ტარიფში ასახული საინვესტიციო გეგმები. ამ ეტაპზე პროექტების განხორციელება მიმდინარეობს გეგმების შესაბამისად, მიზნობრივად და წესების დაცვით. სემეკის მიზანია, რომ მინიმუმამდე შემცირდეს გათიშვები და ქ. რუსთავის მოსახლეობამ მიიღოს უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი წყალმომარაგება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
2024-2026 წლებში, ქ. რუსთავში სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 45,971,101 ლარის ინვესტიცია განახორციელდება. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორის, გიგა ნადირაძის მიერ შეხვედრაზე წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისად, ქ. რუსთავში ქსელის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები 2024-2026 წლების საინვესტიციო გეგმების 75%-ს შეადგენს. მათ შორის, 2024 წლის განმავლობაში კომპანია წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისათვის 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.

 

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …