სემეკში მელიორაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე, სემეკის წყალმომარაგების, ტარიფებისა და ფასწარმოქმნის, მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები და საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხები და სატარიფო პოლიტიკა.
სემეკში მიმდინარეობს მუშაობა პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაზე, რომლის საფუძველზეც სემეკი მიმდინარე წლის ბოლოს მელიორაციის სექტორისთვის ტარიფებს დაადგენს. ამასთანავე, კომისიაში მუშავდება წყლის მიწოდების წესები, რომელიც პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირებას შეეხება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით მელიორაციის სექტორში ჰექტარზე ფიქსირებული ტარიფი მოქმედებს. აღნიშნული ტარიფი კი ბოლოს 2011 წელს დადგინდა და ჰექტარზე 75 ლარს შეადგენს. 2024 წლიდან შეიცვლება როგორც ტარიფის სტრუქტურა, ისე მეთოდოლოგია.

სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის გიგა ნადირაძეს განამრტებით,  2024  წლიდან მელიორაციის სექტორში ორი ტიპის გადასახადი დაწესდება, მათ შორისაა, ფიქსირებული გადასახადი და კუბურ მეტრზე გადასახდელი თანხა.

„პარალელი რომ გავავლოთ წყალმომარაგების სექტორთან, არსებულ რეალობაში ჩვენ გვაქვს სულადობრივი გადასახადი უმრიცხველო მომხმარებლებზე და ასევე გვაქვს გადასახადი კუბურ მეტრზე იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მოხმარებული წყლის აღრიცხვის შესაძლებლობა აქვთ. მსგავსი სისტემა იქნება მელიორაციის სექტორშიც, კერძოდ, იქნება ფიქსირებული გადასახადი ჰექტრის მიხედვით, რომელის გამოყენება მოხდება ისეთი ტიპის მომხმარებლებთან, რომლებთანაც შეუძლებელია მოხმარებული წყლის აღრიცხვა, ან საერთოდ არ არსებობს აღრიცხვის სისტემები, ხოლო რაც შეეხება კუბურ მეტრზე ტარიფს, მისი გამოყენება მოხდება, მაშინ როდესაც შესაძლებელია აღირიცხოს კნკრეტულად რა მოცულობის წყალი მოიხმარა ფერმერმა“. – აღნიშნა გიგა ნადირაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …