სემეკში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი დაიყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) რიგით მე-5 დაძმობილების პროექტი დაიწყო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგ ლაითის პროექტის – „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ევროდელეგაციისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

“მადლობას ვუხდი ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, იტალიის საელჩოს საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისათვის,  რომ  კიდევ ერთხელ მოგვცეს საშუალება, დაძმობილების პროექტის  ინსტრუმენტი გამოგვეყენებინა კომისიის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის. დაძმობილების პროექტები ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს კომისიისათვის. ამჟამად კომისიას განხორციელებული აქვს 4 დაძმობილების პროექტი. იქიდან გამომდინარე,  რომ დაძმობილების პროექტის სპეციფიკა ითვალისწინებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მოქმედი მსგავსი ტიპის ორგანიზაციის მიერ, პროექტის ფარგლებში ჩვენს მიერ შეძენილი გამოცდილება ემყარება არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისით ხდება თითოეული საკითხისა თუ პრობლემის შესწავლა“ – განაცხადა დავით ნარმანიამ პროექტის გახსნის ცერემონიაზე.

თვინინგ ლაითის პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე, ხოლო მისი ბიუჯეტი 250 000 ევროს შეადგენს. პროექტის მიზანია სემეკის დახმარება დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში. პროექტის განმახორციელებელია იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახური (GSE). საქართველოს მხრიდან პროგრამას ხელმძღვანელობს სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი.

„პროექტი წარმოადგენს საქართველოში თვინინგ ლაითის ინსტრუმენტის გამოყენების პირველ შემთხვევას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი დაძმობილების პროექტი ხორციელდება, თვინინგ ლაითის ინსტრუმენტის გამოყენების პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა და ამიტომაც მოხარული ვართ, რომ სემეკი ამ მხრივაც მოწინავე პოზიციას იკავებს. დიგიტალიზაცია აუმჯობესებს ენერგეტიკული სისტემების უსაფრთხოებას, პროდუქტიულობასა და ხელმისაწვდომობას. ზოგადად, ციფრული ტექნოლოგიები საკმაოდ ფართოდ გამოიყენება ენერგეტიკის სექტორში. ახალი ტექნოლოგიები ზრდის ეფექტიანობას და მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე აადვილებს კომპლექსური ენერგეტიკული სისტემის მართვას. ენერგეტიკულ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს ფეხდაფეხ უნდა მიჰყვეს დიგიტალიზაციის პროცესიც. მონაცემთა გაცვლისათვის საჭიროა უსაფრთხო ქსელის ისევე, როგორც სათანადოდ გამართული პლატფორმის არსებობა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ენერგეტიკული სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს მონაწილეებს მომხმარებლები წარმოადგენენ. მათთვის ციფრული ტექნოლოგიების შეთავაზება განაპირობებს ენერგეტიკულ ბაზარზე მათ აქტიურ მონაწილეობას,“ – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

დიგიტალიზაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმების პროცესში, როგორც საბითუმო ისე საცალო დონეზე. ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრისათვის არსებითია ბაზრის მონაწილეებისა და მომხმარებლების აღჭურვა შესაბამისი ციფრული მექანიზმებით, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი აქტიური მონაწილეობა ბაზარზე.  პროექტი ხელს შეუწყობს ბაზრის უფრო ეფექტიან რეგულირებას და გააუმჯობესებს საბოლოო მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ხარისხს. საბოლოო ჯამში კი ეს ყოველივე ემსახურება ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებას. პროექტის ფარგლებში შემუშავდება სემეკის დიგიტალიზაციის სტრატეგიის პროექტი და სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს სემეკის საქმიანობის გაუმჯობესებას.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …