სემეკს მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება მიენიჭა – გიორგი ფანგანი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) უმსხვილესი ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება მიენიჭა. მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებას სემეკი 2026 წელს უმასპინძლებს. პერუში, ქ. ლიმაში გამართულ ენერგეტიკის რეგულირების მე-8 მსოფლიო ფორუმზე სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ფორუმის მასპინძლობის შესახებ პრეზენტაცია და საინფორმაციო რგოლი წარადგინა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის მაღალი რანგის დელეგატებმა უმაღლესი შეფასება მისცეს. ფორუმს ესწრებოდა სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია.

გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას ფორუმის მონაწილეებს საქართველოში დაგეგმილი ღონისძიების ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიის განვითარების  მნიშვნელობაზე.

„მაღალი კონკურენციის პირობებში, სემეკს მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება მიენიჭა, რაც არის არა მხოლოდ სემეკის, არამედ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დიდი გამარჯვება და სემეკის, როგორც წარმატებული მარეგულირებელი უწყების აღიარება მსოფლიო მასშტაბით. მარეგულირებელ ორგანოებსა და ენერგეტიკის პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ სამართლიანი მიდგომების, კონკურენციის, ინოვაციების ხელშეწყობისა და ენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტების დანერგვაში. შესაბამისად, ყველა ძირითადი მოთამაშის ეფექტური თანამშრომლობა, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნების ენერგეტიკული მიმართულებების მუდმივი განვითარება“, – აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

2026 წელს, ქ. თბილისს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში 1000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. კერძოდ, რიგით მეცხრე მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები. ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ  იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად  ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …