სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიების 123 მილიონამდე ლარის საინვესტიციო პროექტები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2022-2026 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა. ჯამში, კომპანიების მიერ 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 123 მილიონამდე ლარს შეადგენს. კომპანიების მიერ სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ქსელის საიმედოობის/მდგრადობისა და ეფექტიანი ოპერირების ხელშეწყობა, უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფა, ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგება და დანაკარგების შემცირება.

​შპს „თბილისი ენერჯი“ 2022-2026 წლებში 32 927 455 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს ქ. თბილისში გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას.  მათ შორის, ახლად მიერთებულ არეალში (სოფლები: კუმისი, მუხრანთელეთი, ზემო თელეთი, ქვემო თელეთი, წალასყური, ახალწყალი) ქსელის სრულ რეაბილიტაციას.
სს „საჩხერეგაზის“ მიერ 2022-2026 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო მოცულობა 445 000 ლარს შეადგენს. კომპანია უზრუნველყოფს ქსელის საიმედოობასთან და მდგრადობასთან, ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას, დაზიანებული და მოძველებული აქტივის შეცვლას.
​შპს „დიდი დიღომის“ მიერ 2022-2026 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო მოცულობა 63 602 ლარს შეადგენს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ან მოძველებული აქტივების ჩანაცვლებას.
​შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2022-2026 წლებში 41 686 630 ლარის  ინვესტიციას განახორცილებს. საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, მოწესრიგდება აღრიცხვიანობა და აშენდება  დამატებითი ახალი ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ქსელს.
​43 809 123 ლარს შეადგენს სს „საქორგგაზის“ 2022-2026 წლების საინვესტიციო გეგმების მოცულობა.  კომპანია უზრუნველყოფს აღრიცხვის მოწესრიგებას, მრიცხველების შეცვლასა და საცხოვრებელი ფართიდან გამოტანას, გაზსადენის მონაკვეთებზე რეაბილიტაციას.
​შპს „თელავგაზი“ 2022-2026 წლებში განახორციელებს 3 989 003 ლარის ინვესტიციას.  კომისიასთან შეთანხმებული პროექტების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ამორტიზებული მრიცხველების ჩანაცვლება, გაზის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება, მომარაგების წყაროების დივერსიფიცირება.

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …