სემეკის მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 67 მეგავატი შეადგინა

განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, სისტემაში ჩართულია 1066 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. ქსელში ჩართული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 67 მეგავატია.
ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგურების უმეტესობა (98%) მზის ენერგიაზე მომუშავეა (მზის პანელები), ხოლო ქარისა და წყლის რესურსებზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები 2%-ს შეადგენს.
1066 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურიდან სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია – 319 ელექტროსადგური. აქედან, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის – 175; ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის- 144 სადგური.
სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია – 747 ელექტროსადგური, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის – 420; ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის – 327 სადგური.
სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისთვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის ან ჩამდინარე წლის გამოყენებით. ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიაწოდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული მაქსიმალურ სიმძლავრე 500 კილოვატს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …