საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ 2025 წლის განმავლობაში სემეკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„2025 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხების განხილვის შედეგად, მოქალაქეებს ჯამში ჩამოეწერათ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მლნ ლარი. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სემეკის გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა 5.72 მილიონი ლარის კომპენსაცია“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის მექანიზმებზე. მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან შესაძლებელი გახდა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში 100 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო დარიცხვის სისტემაში ჩართვა.
დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა სატარიფო საკითხებზე. მისი თქმით, მეზობელ და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მოქმედი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და მელიორაციის ტარიფების დადგენის მიზნით. შესაბამისად, სემეკი საჯარო სხდომაზე იმსჯელებს ტარიფების დადგენის შესახებ. პროცესი არის გამჭვირვალე და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ყველა საჯარო ინფორმაცია“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
Business Political Insights BPI.GE