საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ახალი პროექტის – „ელექტროენერგიის გზა წარმოებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში, ქ. მცხეთის N2 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ.მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ისაუბრა პროექტის შესაძლებლობებსა და შეთავაზებებზე, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარებათ უკეთ გაიცნონ ენერგეტიკის სექტორი.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მოწვეულმა ლექტორმა, თორნიკე აფრიაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ელექტროენერგიის გენერაციიდან მიწოდებამდე სრული ციკლის შესახებ. ამასთანავე, თორნიკე აფრიაშვილმა მოსწავლეებს გააცნო ელექტროენერგიის გენერაციის სხვადასხვა წყაროები და ამ კუთხით, ქვეყანაში არსებული პოტენციალი.
ენერგოეფექტურობის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მოწვეულმა ლექტორმა, რევაზ გერაძემ. მან ყურადღება გაამახვილა ენერგიის მიზნობრივ გამოყენებასა და მისი დაზოგვის მნიშვნელობაზე.
პროექტის, „ელექტროენერგიის გზა წარმოებიდან ჩვენამდე“, მიზანია ელექტროენერგიის სკოლის მოსწავლეების ინფორმირება ენერგეტიკის საკითხებზე, ამასთანავე განახლებადი საქართველოს მწვანე ენერგეტიკის განვითარების შესაძლებლობების შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელექტროენერგეტიკის თემატიკის შესახებ ტრენინგების ჩატარება, მონაწილეთა ვიზიტი ენერგოობიექტებზე, თემატური ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება. პროექტში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ მოეწყობა ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა.