მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელმა (Sustainable Banking and Finance Network, SBFN) ვებინარი ჩაატარა, სადაც SBFN-ის გლობალური პროგრესის მესამე ანგარიში – Accelerating Sustainable Finance Together – წარადგინა. SBFN (ყოფილი მდგრადი საბანკო ქსელი, SBN) ამჟამად მზარდი ეკონომიკის მქონე 43 ქვეყნიდან 63 წევრს აერთიანებს. SBFN 2012 წელს დაარსდა, მას სამდივნო და ტექნიკურ პარტნიორობას საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) უწევს და მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ. საქართველოს ეროვნული ბანკი SBFN-ს 2017 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ქსელის აქტიური წევრია და მუდმივად ჩართულია გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარებისა და საერთო მიდგომების ჩამოყალიბების პროცესში.
ვირტუალურ ღონისძიებას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, მსოფლიო ბანკის და მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ კოლუმბიიდან, საქართველოდან, ინდონეზიიდან, მონღოლეთიდან, მაროკოდან, ნიგერიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და უკრაინიდან. ღონისძიება მიზნად ისახავდა მონაწილე ქვეყნების ექსკლუზიური გამოცდილების გაზიარებას. ანგარიში მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მდგრადი დაფინანსების ინიციატივების ყველაზე მრავლისმომცველი შეფასებაა. ეროვნული ბანკი, ღონისძიების ერთ-ერთ პანელზე, სალომე თვალოძემ წარადგინა. სალომე ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებას ხელმძღვანელობს. მან ტაქსონომიის, გამჟღავნების, კლიმატის რისკების მართვისა და მდგრადი დაფინანსების ინსტრუმენტების კუთხით ეროვნული ბანკის გამოცდილებაზე ისაუბრა და ამ პროცესში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საერთო მიდგომების შემუშავების ხელშესაწყობად SBFN-ის წევრთა შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ღონისძიებაზე ასევე წარდგენილ იქნა ორი ახალი სამუშაო ჯგუფი – “მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტები” და “მონაცემები და გამჟღავნება”. ეროვნული ბანკი, რომელსაც სალომე თვალოძე წარმოადგენს, SBFN-ის მონაცემთა და გამჟღავნების სამუშაო ჯგუფის თანახელმძღვანელი გახდა.
გლობალური წლიური ანგარიშის გარდა, უახლოეს მომავალში ცალკეული ქვეყნების პროგრესის ინდივიდუალური ანგარიშებიც გამოქვეყნდება. საქართველოს პროგრესის ანგარიში 2019 წლის შემდეგ ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს მიმოიხილავს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ESG-ის ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპებისა და შესაბამისი შაბლონის გამოქვეყნება იყო. აღნიშნული პრინციპების შესაბამისად, კომერციულმა ბანკებმა უკვე შეავსეს ESG ფორმები, რომელიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ამ და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიების შედეგად, საქართველომ მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და SBFN-ის შეფასების 6-საფეხურიან სისტემაში მოწინავე საფეხურზე გადაინაცვლა.