თბილისი (BPI) – სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი 0%-ზე დატოვა.
ბანკის გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ სესხების ზრდა, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შედეგად, მოსალოდნელი ტენდენციით ხასიათდება.
2019 წლის ოქტომბერში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.9% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც გასულ პერიოდებში ჭარბ საკრედიტო ზრდასა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. კომიტეტის შეფასებით, არსებული ტენდენციით საკრედიტო ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონეს დაუახლოვდება.
კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს. საბანკო სექტორი მაღალკაპიტალიზირებული და ლიკვიდურია და მომგებიანობის მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი მთლიან დაკრედიტებაში კვლავაც დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკრედიტო ციკლის აღმავალ ფაზაში უმოქმედო სესხების წილი, როგორც წესი, შემცირებით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს აღნიშნული მაჩვენებლის ზედმეტად ოპტიმისტურად შეფასება.
ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2020 წლის 26 თებერვალს გაიმართება.