სებ-მა ახალი საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში სექტორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად კითხვარი გამოაქვეყნა

ეროვნული ბანკი ახალი საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში სექტორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად კითხვარს აქვეყნებს. როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საზედამხედველო სტრატეგიის პირველი დოკუმენტი, რომელიც 3 წლის (2020-2022 წწ.) სტრატეგიულ პრიორიტეტებს ითვალისწინებდა, სებ-მა 2020 წელს შეიმუშავა და გამოაქვეყნა.

ეროვნული ბანკი, საზედამხედველო სტრატეგიას ყოველწლიურად ანახლებდა, თუმცა, საზედამხედველო პრიორიტეტები 3 წლის მანძილზე უცვლელი იყო. მომდევნო სამი წლის (2023-2025 წწ.) ახალი სტრატეგიული პრიორიტეტები და შესაბამისი ამოცანები ახალ საზედამხედველო სტრატეგიაში იქნება გათვალისწინებული, რომელზე მუშაობაც ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო.

ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესს ეროვნული ბანკი უფრო მეტი ჩართულობით წარმართავს. სწორედ ამ მიზნით, საბანკო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ეროვნული ბანკი კითხვარს აქვეყნებს და სექტორის წარმომადგენლებს მოსაზრებების წარმოსადგენად იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ახალი საზედამხედველო სტრატეგიის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, 2021 წელს, “ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის” (FSAP) ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება. მისიამ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩოს განვითარებისა და დახვეწის კუთხით რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც, როგორც წესი,  ეროვნული ბანკის მიმდინარე და სამომავლო საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს და მათი გათვალისწინება ახალ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტშიც აქტიურად მოხდება. მისიის მიერ შედგენილი ანგარიშები გამოქვეყნებულია სსფ-ის და მსოფლიო ბანკის ვებგვერებზე, თუმცა, ძირითადი რეკომენდაციების ჩამონათვალს აქვეც გთავაზობთ:

ფინანსური სტაბილურობის შეფასება | ანგარიში

  • მისიის რეკომენდაციით, რისკებთან გამკლავებისთვის მნიშვნელოვანია დივიდენდების არგაცემის მიდგომის შენარჩუნება, ვიდრე პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობები და სირთულეები არ აღმოიფხვრება, საკრედიტო დანაკარგები არ შეიწოვება და კაპიტალის ბუფერების აღდგენა სრულად არ განხორციელდება;
  • მისიამ ასევე რეკომენდაცია გასცა “რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების” იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, რაც ეროვნული ბანკის გეგმაშია.

ფინანსური სექტორის ზედამხედველობა | ანგარიში

მისიის რეკომენდაციით მნიშვნელოვანია:

  • საზედამხედველო მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების ძირითადი შიდა პროცესების მართვის ფორმალიზება და გაძლიერება;
  • GRAPE-ის ქულებისა და შეწონვის შიდა მეთოდოლოგიის გადახედვა;
  • ბანკების მმართველობისა და რისკების მართვის პრაქტიკის რეგულარული სიღრმისეული შეფასებების ჩატარება.

ფინანსური უსაფრთხოების ჩარჩო | ანგარიში

მისიის რეკომენდაციებია:

  • ბანკებისთვის ადრეული მაკორექტირებელი ქმედებების ჩარჩოს დანერგვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის სწრაფად და ეფექტურად გამოყენების მიზნებისთვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავება;

სისტემური ბანკებისათვის სარეზოლუციო გეგმების მომზადების პროცესის გაგრძელება;

  • სხვა ბანკების პრიორიტეტიზაციის საკითხის განხილვა.

კონკურენცია ფინანსურ სექტორში | ანგარიში

მისიის რეკომენდაციით მნიშვნელოვანია:

  • კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და ადვოკატირების ინსტიტუციური შესაძლებლობის, როგორც ეროვნული ბანკის ფარგლებში ცალკე ფუნქციის, განვითარება;
  • ფინანსურ სექტორში მოქმედი საკანონმდებლო აქტებისა და რეგულაციების ზეგავლენის შეფასება კონკურენციის პერსპექტივიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისიის ფარგლებში (FSAP) მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით და პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე.

კიბერუსაფრთხოების ზედამხედველობა

  • მისიის რეკომენდაციის თანახმად, ბანკის ან ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის სხვა წარმომადგენლების კრიტიკული ინფორმაციის სისტემად აღიარებისას ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონის ცვლილებებში მკაფიოდ უნდა აისახოს ეროვნული ბანკის როლი;
  • ასევე, რეკომენდებულია კიბერრისკების დისტანციური ზედამხედველობის ჩარჩოს გაძლიერება და შესაბამისობის მონიტორინგის პროცესის ავტომატიზაცია.

ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურა | ანგარიში

  • მისიის რეკომენდაციაა საგადახდო სისტემების ზედამხედველობის დეტალური პროცედურების შემუშავება;
  • რეკომენდირებულია ფასიანი ქაღალდების ორი ცენტრალური დეპოზიტარის (ეროვნული ბანკი, GCSD) თვითშეფასების დასრულება.

ახალ საზედამხედველო სტრატეგიასთან დაკავშირებით მსურველებმა მოსაზრებები, კითხვარის მეშვეობით, უნდა დააფიქსირონ 2022 წლის 31 აგვისტომდე.

https://www.youtube.com/watch?v=PojOy4CKxRo&t=25s

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …