სებ-მა აჭარაში ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 77 დააჯარიმა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აჭარის რეგიონში შემოწმებისას დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 77 პუნქტი კი დააჯარიმა.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით,  სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ  სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე,  მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ მომავალშიც, პერიოდულად, შეამოწმებს და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …