სებ-ი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის ყოველწლიურ კონფერენციას მეორედ მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული ბანკი 12-13 დეკემბერს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe – BSCEE) ჯგუფის 34-ე ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებას BSCEE ჯგუფის თავმჯდომარის რანგში საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ხელმძღვანელობს. კონფერენცია პანდემიის დაწყებიდან BSCEE ჯგუფის პირველი ღონისძიებაა, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში იმართება.

BSCEE ჯგუფის კონფერენცია წელს ორ მნიშვნელოვან თემას ეძღვნება: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ცენტრალური ბანკებისა და საბანკო სექტორის საქმიანობაზე და კიბერ რისკების მართვა. მონაწილეები ერთმანეთს ომის უარყოფითი გავლენის ეფექტის შესამცირებლად გადადგმულ ღონისძიებებსა და კიბერშეტევებთან და ამ რისკების მართვასთან დაკავშირებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენციას სპიკერების რანგში უკრაინისა და მოლდოვის ცენტრალური ბანკების ვიცე-პრეზიდენტები, მონტენეგროს ცენტრალური ბანკის, ესტონეთისა და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების წარმომადგენლები ეწვივნენ.

კონფერენცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა და უკრაინის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს სერგეი ნიკოლაიჩუკს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. “BSCEE კონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მეტჯერ აღარ მექნება. ამიტომ მსურს მოკლედ შევეხო იმ რეფორმებს, რომელიც ეროვნულ ბანკში ბოლო 7 წლის განმავლობაში გავატარეთ. საქართველოს საფინანსო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და განვითარებული სექტორია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, რაც, დამეთანხმებით, უპირველესად, სწორი, დროული და გონივრული რეგულირების დამსახურებაცაა. პანდემიის ურთულესი პერიოდის და რეგიონში მიმდინარე ომის მიუხედავად, საქართველოს საფინანსო სექტორი სტაბილურია. ქვეყანამ ასევე შეინარჩუნა საერთაშორისო რეიტინგები და სხვა თანაბარ პირობებში უახლოეს მომავალში, ყველა არსებული პროგნოზით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, რომელსაც კლების ტრენდი აქვს, კიდევ უფრო შემცირდება”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ კონფერენციის გახსნისას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა არასაბანკო სექტორის რეგულირებასა და ზედამხედველობის, კაპიტალის ბაზრისა და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე.

კობა გვენეტაძემ თავის გამოსვლაში, ასევე, იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რასთან გამკლავებაც საფინანსო სექტორს გასული წლების განმავლობაში მოუხდა. “დღეს ამ დარბაზში 22 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვიმყოფებით. ჩვენს საქმიანობაში ერთსა და იმავე ტენდენციებსა და სირთულეებს ვხედავთ. ერთ-ერთი ტენდენცია, რომელიც Covid-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა, ახალი ტექნილოგიების დანერგვა და სერვისების გაციფრულებაა. უდავოა, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალი პროდუქტების, ინოვაციური სერვისების დანერგვას, თუმცა ამავდროულად ზრდის საოპერაციო და კიბერ-რისკებს. ამ პროცესის ეფექტინად წარმართვაში ცენტრალურ ბანკებს გადამწყვეტი როლი აკისრიათ”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe – BSCEE) თავმჯდომარის პოზიცია 2021 წლის 16 დეკემბრიდან დაიკავა. ეროვნული ბანკი ჯგუფის წევრი 2013 წელს გახდა და მას შემდეგ სამუშაო პროცესში აქტიურადაა ჩართული. BSCEE ჯგუფი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 24 ქვეყნის 25 ორგანიზაციას აერთიანებს და მისი მიზანი ჯგუფში შემავალი ქვეყნების საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ჯგუფის წესების თანახმად, მისი წევრებისაგან ყოველწლიურად აირჩევა ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა. პირველად, საქართველო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნად 2018 წელს, ხოლო მეორედ, თავმჯდომარე ქვეყნად 2021 წლის 27-28 მაისის BSCEE ყოველწლიურ კონფერენციაზე აირჩიეს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …