სებ-ი სავალუტო ინტერვენციებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების და Bmatch პლატფორმის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ეროვნული ბანკის პრესრელიზებსა თუ ოფიციალურ ვებგვერდზე საკმაოდ დეტალურადაა  ახსნილი ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციების მექანიზმი (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ეროვნული ბანკის შესაბამისი საოპერაციო დოკუმენტი). თუმცა, ვინაიდან ხშირია შეკითხვები ინსტრუმენტების თაობაზე, ეროვნული ბანკი დაინტერესებული საზოგადოებისათვის დამატებით განმარტებას აკეთებს.

პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რომლის პირობებში ცენტრალური ბანკის მიზანი არ არის და ვერც იქნება გაცვლითი კურსის რაიმე კონკრეტულ ნიშნულზე დაჭერა. გაცვლითი კურსის მაჩვენებელი ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად განისაზღვრება. კურსის მოკლევადიანი დინამიკა და მერყეობა ბაზრის კონიუნქტურასა და მოლოდინებზეა დამოკიდებული, ხოლო საშუალო და გრძელვადიან კურსს განსაზღვრავს ისეთი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები, როგორებიცაა საქონლისა და მომსახურების იმპორტისა და ექსპორტის დინამიკა, ფულადი გზავნილები და სხვა საგარეო ეკონომიკური მაჩვენებლები.

ცენტრალური ბანკების მიერ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების ინსტრუმენტები განსხვავდება მათი მიზნისა და ბაზრის განვითარების მიხედვით. მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმების პირობებში, ინტერვენციები იშვიათად გამოიყენება და რაც უფრო განვითარებულია საფინანსო სისტემა, მით უფრო ნაკლებად ხდება ჩარევა სავალუტო ბაზარზე. გამოყენებული ინსტრუმენტები შეიძლება იყოს სრულად დისკრეციული ან წესებზე დაფუძნებული; ღია ან ფარული; სპოტ ბაზარზე ან ფიუჩერსების ბაზარზე; მიმდინარე მდგომარეობის მიხედვით ან წინასწარ გამოცხადებული კალენდრით; ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით ან ოფციონის მეშვეობით და სხვა. ინტერვენციების მიზანი, ძირითადად, შეიძლება, იყოს კურსის მაღალი მერყეობების შემცირება, რეზერვების დაგროვება ან/და საგარეო კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა.

საქართველოს შემთხვევაში ეროვნული ბანკი ინტერვენციების რამდენიმე ინსტრუმენტს იყენებს: ა) დისკრეციული აუქციონი, ბ) ვალუტის წესებზე დაფუძნებული ყიდვა ან გაყიდვა და გ) წინასწარ გამოცხადებული ოფციონი (რომელიც ამჟამად აქტიური არ არის). ვალუტის წესებზე დაფუძნებული ყიდვა/გაყიდვა BMatch-ის საერთაშორისო პლატფორმაზე ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის შერბილებაა და, სიტუაციის მიხედვით, ის შეიძლება საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასაც ემსახურებოდეს. ეს ინსტრუმენტი შედარებით ახალია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებთან თანამშრომლობით შემუშავდა და ტექნიკურად მისი განხორციელება BMatch-ის საერთაშორისო პლატფორმის დანერგვით გახდა შესაძლებელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში BMatch პლატფორმის დანერგვისათვის ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ Central Banking ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურული მომსახურების ნომინაციაში გამარჯვება კომპანია Bloomberg-ს მიანიჭა, რამდენადაც BMatch-ზე გაზრდილმა კონკურენტულმა და კიდევ უფრო გამჭვირვალე გარემომ ყიდვა/გაყიდვის შორის სხვაობის – სპრედები მნიშვნელოვნად შეამცირა. დღეისათვის BMatch-ზე ბანკთაშორის ბაზარზე საუკეთესო კურსებია და, რაც მთავარია, დადებული გარიგებები კარგად ასახავს იმ მომენტისათვის ბაზარზე არსებულ სიტუაციას.

აქვე  დავძენთ, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს სავალუტო ბაზარზე მერყეობა, მიუხედავად მისი არაპოპულარობისა, ამ ბაზრისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი ქცევაა და მერყეობის სრულად ან/და ყოველთვის განეიტრალება შეუძლებელია. მცურავი კურსის პირობებში გაცვლით კურსს ყოველთვის გააჩნია მოკლევადიანი მერყეობა, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ კურსი საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იმაზე უფრო სტაბილურია, ვიდრე კურსის დაფიქსირების მცდელობის შემთხვევაში იქნებოდა. ეკონომიკის მდგრადობის, მოსახლეობის კეთილდღეობისა და ეკონომიკური ზრდისათვის სწორედ კურსის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი. გაცვლითი კურსის მოკლევადიანი მერყეობისაგან თავის დაცვა კი, სესხის ეროვნული ვალუტით აღებით ან ბიზნესებისთვის ფორვარდული კონტრაქტებით არის შესაძლებელი. კომპანიებისათვის ჰეჯირების ამგვარი პროდუქტები საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი. მართალია, ისინი იაფი არ არის, მაგრამ მათი გამოყენება მუდმივად იზრდება და მოსალოდნელია, რომ მომავალში უფრო მეტად გაიზრდება. ისიც უნდა ითქვას, რომ სესხების დოლარიზაციასაც შემცირების ტენდენცია გააჩნია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში უცხოური ვალუტის სესხები ფაქტობრივად აღარ არის (მაშინ, როდესაც 2016 წელს სესხების 65% უცხოური ვალუტით იყო), ხოლო საბანკო სექტორში ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 35%-ზე ნაკლებია (2016 წელს 60%მდე იყო). სესხების ხელშეკრულებების რაოდენობის მიხედვით კი, კონტრაქტების მხოლოდ დაახლოებით 2% არის უცხოური ვალუტით დენომინირებული. მიუხედავად შემცირების დინამიკისა, თითოეული მოქალაქის ფინანსური მდგრადობა მნიშვნელოვანია და დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკა კვლავ გაგრძელდება.

გვსურს დაინტერესებულ საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი შოკების ავტომატურად შთანთქმას ეხმარება, მაშინ როდესაც ფიქსირებული ან მართვადი კურსის პირობებში კურსი მოკლევადიან პერიოდში უფრო სტაბილურია, მაგრამ რისკების დაგროვებას განაპირობებს, განსაკუთრებით მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტის პირობებში,  და, საგარეო ან საშინაო შოკების დროს, შეიძლება ერთ დღეში გაცილებით უფრო მკვეთრად გაუფასურდეს, ვიდრე იმავე ქვეყანაში მცურავი გაცვლითი კურსი წლების განმავლობაში გაუფასურდებოდა. ეკონომიკური ზრდისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის მცურავი კურსის უპირატესობა ღია და მცირე ზომის ეკონომიკაში უფრო მეტად ჩანს. საქართველოს ეკონომიკა კი სწორედ მცირე ზომის ღია ეკონომიკას წარმოადგენს – ჩვენი საქონლისა და მომსახურების საგარეო ვაჭრობა მთლიანი შიდა პროდუქტის 100%-ზე მეტია. შესაბამისად, საქართველოს შემთხვევაში, ცალსახა არჩევანი გვაქვს: ან კურსის მოკლევადიანი (თუმცა არაპოპულარული) მერყეობა და გრძელვადიანი კურსის მეტი სტაბილურობა, ან კურსის გრძელვადიანი და მდგრადი გაუფასურება. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკი არის ორგანიზაცია, რომელიც ყველაზე მეტადაა გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული და მისი პოლიტიკა მიმართულია დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებაზე იმ თვალსაზრისით, რომ ფასების სტაბილურობას მიაღწიოს ყველაზე ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯით. სწორედ ამ გაგებით, ეროვნული ბანკის თითოეული გადაწყვეტილება ყოველთვის ოქროს შუალედის ძიებაა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე  მაშინ ერევა, როდესაც ინტერვენციით ჭარბი მერყეობის (როგორც გაუფასურების, ისე გამყარების მხარეს) შემცირება შესაძლებელია ისე, რომ ამან საფრთხე არ შეუქმნას კურსის საშუალო და გრძელვადიან სტაბილურობას. ეს კი, ძირითადად, მაშინ ხდება, როდესაც ბაზარზე მის მოცულობასთან შედარებით მსხვილი გარიგება იდება ან ლიკვიდობის დროებითი ნაკლებობაა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სავალუტო ინტერვენციების გავლენა ასიმეტრიულია: იგი ეფექტიანია, როდესაც კურსის გამყარება ხდება, მაგრამ ნაკლებად ეფექტიანია გაუფასურების დროს. საქართველოში სავალუტო ბაზრის განვითარების არსებული დონიდან გამომდინარე ინტერვენციები ორივე მხარეს ხდება, თუმცა ეფექტიანობის ასიმეტრიულობას ეროვნული ბანკი ყოველთვის ითვალისწინებს.

რაც შეეხება თავად BMatch პლატფორმას, მისი ოპერაციული მოწყობა სავალუტო აუქციონის ანალოგიურია, კერძოდ: როდესაც ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას ყიდულობს, Bmatch-ის პროგრამული ალგორითმის მიხედვით, ავტომატურად კმაყოფილდება ის განაცხადი, სადაც დოლარი ყველაზე იაფია. ანალოგიურად, უცხოური ვალუტის გაყიდვისას პირველად კმაყოფილდება პლატფორმაზე იმ მომენტში არსებული ის განაცხადი, სადაც დოლარი ყველაზე ძვირია. ამგვარი მექანიზმი კონტრაგენტების (გარიგების მონაწილე მხარეების) მიმართ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს სრულად გამორიცხავს და, ამავდროულად, შეძლებისდაგვარად ამცირებს გაცვლითი კურსის მერყეობას ისე, რომ ბაზარზე არსებულ ტრენდს არ ცვლის.

რაც შეეხება ინტერვენციების სტატისტიკის გამოქვეყნებას და მის სიხშირეს, ეს  ინსტრუმენტის მახასიათებელზე და ინტერვენციის მიზანზეა დამოკიდებული. საქართველოს შემთხვევაში, სავალუტო აუქციონის შედეგები აუქციონის დასრულებიდან 15 წუთში, ხოლო წესებზე დაფუძნებული ინტერვენციის შედეგი კი – თვიურ ჭრილში, სავალუტო ბაზრის სხვა მონაცემებთან ერთად, თვის დასრულებიდან 25 დღეში, ქვეყნდება. ინტერვენციების შესახებ სტატისტიკის ყოველდღიურად გამოქვეყნება ფართოდ მიღებული პრაქტიკა არ არის, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზი გააჩნია, რომელიც ქვემოთ არის ახსნილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეგროვებული სტატისტიკის შესაბამისად, ცენტრალური ბანკების უმეტესობა (ისინი, რომლებიც ინტერვენციებს ყველაზე ხშირად იყენებენ) ინტერვენციების სტატისტიკას საერთოდ არ აქვეყნებს. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით, “სავალუტო ინტერვენციებზე მონაცემებს მზარდი ეკონომიკებისა და განვითარებადი ქვეყნების მხოლოდ 16% აქვეყნებს”. საქართველო სწორედ ამ 16%-ში შედის. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ის ორგანიზაციაა, რომელიც გლობალური მასშტაბით სანდო ინფორმაციას ფლობს.

სავალუტო ინტერვენციების კონფიდენციალურობის მიზანია, კურსზე სპეკულაციური შეტევები გამოირიცხოს და ბაზარზე დამატებითი აჟიოტაჟი არ შეიქმნას. ამიტომ, პირდაპირი ინტერვენციების შესახებ დეტალები, მათ შორის, ბაზარზე ჩარევის დრო და პრინციპები, ბაზრის მონაწილეებისათვის (მათ შორის ბანკებისთვის) ცნობილი არ არის. ინტერვენციებზე დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნება მონაწილე ბანკებს  შესაძლებლობას მისცემდა, ეროვნული ბანკის ქცევა გაეთვალათ, რაც კურსზე სპეკულაციური შეტევების შესაძლებლობას გააჩენდა და, შესაბამისად, კურსის მერყეობას გაზრდიდა. ამიტომ, მსგავსი, წესებზე დაფუძნებული ინსტრუმენტის რეგულირების დოკუმენტი კონფიდენციალურ ინფორმაციას მიეკუთვნება. რაც შეეხება დისკრეციულ ინტერვენციებს, მათი წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია და, სწორედ ამიტომ, ამ ინფორმაციის მყისიერად გამოქვეყნების რისკი მცირეა.

სხვა ცენტრალური ბანკების მსგავსად, საქართველოს კანონმდებლობით ეროვნულ ბანკს ევალება, გამოაქვეყნოს საბალანსო მონაცემები თვის ჭრილში, რასაც ეროვნული ბანკი ყოველთვიურად, კანონით დადგენილ ვადაში ასრულებს. ეროვნული ბანკი ბევრ სხვა მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციასაც აქვეყნებს, მაგრამ არ აქვეყნებს ისეთ ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება კურსის დამატებით მაღალი მერყეობა გამოიწვიოს და ფინანსური სტაბილურობის რისკები შექმნას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამჭვირვალობა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანაა და ამ ამოცანის ჯეროვნად შესრულების დასტურია ის ფაქტი, რომ  საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს ავტორიტეტული გამოცემა Central Banking-ის საერთაშორისო ჯილდო მიიღო, როგორც ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალურმა ბანკმა. გარდა ამისა, ევროკომისიის 2022 წლის 16 ივნისს გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, “საქართველოში მონეტარული პოლიტიკა გამჭვირვალედ ხორციელდება”. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ასევე არსებობს კონფიდენციალურობის ცნებაც, რომლის განუხრელ დაცვაზეც დგას საერთაშორისო ინვესტორებისა და პარტნიორების ნდობა ცენტრალური ბანკების და, შესაბამისად, მთლიანად ქვეყნების მიმართ. ეს ნდობა, საქართველოს შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა, რაშიც ეროვნული ბანკის წვლილი ძალიან დიდია. ეს არის ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა. გვესმის, რომ ბაზრის მონაწილეების მხრიდან არის დამატებითი ინფორმაციის ფლობის ინტერესი, თუმცა, ასევე, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ გარკვეული მხარეების მხრიდან შეიძლება არსებობდეს არაჯანსაღი სურვილი, ბაზარზე შექმნან აჟიოტაჟი, გამოიწვიონ კურსის დამატებითი მერყეობა და პრობლემები შეუქმნან ფინანსურ სტაბილურობას, რასაც ეროვნული ბანკი არ დაუშვებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი ამ პოზიციას არ გადაუხვევს არავის კერძო ინტერესის, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებებისა თუ ზეწოლის ფასად.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …