საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 27 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტს შეადგენს.
პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა. ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდის საზრუნავად რჩება როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. გაზრდილი ინფლაცია საქართველოსთვისაც გამოწვევაა. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ამ დონეს, ძირითადად, ერთჯერადი ფაქტორები განაპირობებს, რომლებიც 2020-2021 წლებში გლობალურად განსაკუთრებით გააქტიურებულია. წინასწარი შეფასებით, აღნიშნული ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტია. ამ კუთხით გამოსარჩევია მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული სურსათისა და, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარებული, ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რასაც საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების მაღალი ტემპებით ზრდაც ემატება.
რაც შეეხება ერთობლივ მოთხოვნას, განახლებული პროგნოზით, 2021 წელს მშპ-ს 10 პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი, რასაც, ძირითადად, ფისკალური სტიმულის შენარჩუნება, პანდემიის წინა ეტაპებზე დაგროვილი მოთხოვნის მიმდინარე პერიოდში რეალიზაცია და ბოლო დროს დაკრედიტების მაღალი ტემპი განაპირობებს. გაზრდილ დაკრედიტებაში, ლარის რესურსის გაძვირების ფონზე, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების გაზრდილი წვლილი განსაკუთრებით საყურადღებოა. ძლიერი საკრედიტო აქტივობა მიმდინარე ეკონომიკური აქტივობისთვის დადებითი ბიძგია, თუმცა, ამავდროულად, ის ინფლაციის შემცირებას უშლის ხელს.
წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. მიმდინარე წლის დეკემბერში და მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტის გამო დამატებით გაიზრდება. სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, არსებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაცია შეუწყობს ხელს. იმის გათვალისწინებით, რომ დროებითი ფაქტორების წვლილი ინფლაციაში კვლავ განმსაზღვრელი დარჩება და, ამასთან, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია, კომიტეტმა განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნება გადაწყვიტა. თუმცა, მძლავრი მიწოდების შოკის პირობებში ინფლაციური მოლოდინების ზრდის საფრთხე კვლავ აქტუალურია. ამასთან, ინფლაციური რისკები ნარჩუნდება და მათ რეალიზებამ, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება განაპირობოს.
ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზეც დადებითად აისახა. წინასწარი მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქონლის ექსპორტი წლიურად 24 პროცენტით გაიზარდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 9 პროცენტით აღემატება. საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი პირველ ცხრა თვეში წლიურად 73 პროცენტით გაიზარდა, თუმცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირება 66 პროცენტია. გააქტიურებული შიდა მოთხოვნის ფონზე გაზრდილია იმპორტიც: იანვარ-სექტემბერში მისი 22 პროცენტიანი წლიური მატება დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 3 პროცენტიანი ზრდაა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 8 დეკემბერს ჩატარდება.