სებ-ი კამპანიასთან “მაროს სახელით” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება ბოლო პერიოდში ინტერნეტსა და მედია სივრცეში გენდერული თანასწორობის თემაზე წამოწყებულ კამპანიას – “მაროს სახელით“ – სადაც წარმოდგენილი ლარის კუპიურა (19-ლარიანი კუპიურა) მიმოქცევის ბანკნოტების დიზაინისა და დამცავი ნიშნების სტილისტიკითა და რეკვიზიტების მიხედვითაა შექმნილი.

სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბანკი მიესალმება გენდერული თანასწორობის იდეის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ნებისმიერ კამპანიას და, მით უფრო, მარო მაყაშვილის პიროვნების მნიშვნელობისა და როლის წარმოჩენას.

“თუმცა, ზემოხსენებულმა კამპანიამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა განცდა, რომ ეს კუპიურა არის რეალური სტატუსის მქონე ეროვნული ვალუტა, რომელსაც არა სიმბოლური, არამედ მსყიდველობითი დანიშნულებაც აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ თვლის მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ კუთხით არსებული სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციითა და “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე:

მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს როგორც მიმოქცევისათვის, ისე საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი გამოშვების უფლება.
ლარის ბანკნოტებსა და მონეტებზე საავტორო უფლებების მფლობელია საქართველოს ეროვნული ბანკი.
ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ნომინალს, დიზაინს და სხვა მახასიათებლებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო.
ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების პირობები განსაზღვრულია ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესით.
ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების პირობები კი განისაზღვრება ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების წესის შესაბამისად.

აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ ფულის ნიშნებისთვის კონკრეტული თემის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნულ ბანკში შექმნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინის ესკიზების შერჩევის უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად შედიან ისტორიის, ხელოვნების, კულტურისა და სხვა, შესაბამის სფეროში მოღვაწე პირები. ფულის ნიშნის დიზაინის ესკიზები შეირჩევა ღია კონკურსის წესით, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ეძლევა სასურველი დიზაინის შექმნისა და წარმოდგენის შესაძლებლობა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიზანშეწონილი იქნებოდა, ფულის ნიშნის გამოშვების ინიციატივის განხილვა მომხდარიყო ეროვნულ ბანკში შექმნილ ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინის ესკიზების შერჩევის კომისიასთან.

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ვალუტის გამოყენებისა და რეპროდუცირების წესების დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.

აქვე გაცნობებთ, რომ დაუშვებელია მსგავსი კამპანიის სამართლებრივი ნორმების დარღვევით წარმოება, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლოა ხელი შეუწყოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნის ინტერპრეტაციის გამო და ფალსიფიცირებული და/ან არალეგალური გზით რეპროდუცირებული ფულის ნიშნის გავრცელების წახალისებას.

საქართველოს ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ ორგანიზატორთა მხრიდან აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული იქნება და კამპანია შესაბამისობაში მოვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან”, განმარტავენ სებში.

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …