საქმიანი ტურიზმის პოტენციალი საქართველოში

თბილისი (BPI) – ტურიზმის ადმინისტრაცია საქმიანი ტურიზმის მიმართულებას წელს და მომავალ წელს განსაკუთრებულად წაახალისებს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ სტრატეგიის ფარგლებში 30 ოქტომბერს საქართველო საქმიანი ტურიზმის უპრეცედენტოდ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით და ორგანიზებით პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველოს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ესტუმრებიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიას საშუალებას მისცემს, რომ საქმიანი ტურიზმის მიმართულება განავითაროს და ქვეყანაში მაღალი ხარჯვითი უნარის მქონე ვიზიტორები მოიზიდოს.

ქვრივიშვილის განმარტებით,  საქმიანი ტურიზმი, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში ყევლაზე მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე ტურისტებს იზიდავს, საქართველოში ჯერ მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს. ამიტომ, ამ მიმართულების წახალისება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წლევანდელი და მომავალი წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

ტურიზმის ერთერთი ღირებული მიმართულება არის საქმიანი ტურიზმი, რომელიც მთელს მსოფლიოში ყველგან ყველაზე მაღალი ხარჯვითი უნარის მქონე ვიზიტორებს იზიდავს, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. ამიტომ გაცხადებულად ვთქვით, რომ წელს და განასკუთრებით მომავალ წელს პროაქტიული ვიქნებით, რომ ჩვენმა ქვეყანამ კერძო სექტორთან ერთად შეძლოს და ჩამოიტანოს საერთაშორისო ღონისძიებები, კონფერენციები, ფორუმები, ასოციაციების შეხვედრები და .. გამოწვევაა ის, რომ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ცნობადობა უნდა გაიზარდოს. დღეს ეს პროდუქტი განვითარების ეტაპზეა. ამიტომ ვაკეთებთ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა 30 ოქტომბრის ღონისძიება. ეს მომდევნო ერთი და ორი წლის პერსპექტივაში მოგვცემს შედეგს. მაგალითად, საქმიანი ტურიზმის კუთხით, წლევანდელი წელი ჩვენთვის განსაკუთრებით აქტიური იყო. ჩვენ ვიყავით უამრავ ფორუმზე, კონფერენციაზე, ტურისტულ გამოფენაზე. ასევე ჩვენს ქვეყანაში უამრავ ტურისტულ კომპანიას ვუმასპინძლეთ იმისთვის, რომ ერთის მხრივ პროდუქტი დაგვენახებინა და მეორე მხრივ, ქვეყნის ცნობადობა გაგვეზარდა. რაც მთავარია, უცხოეთის კერძო სექტორი ადგილობრივ კერძო სექტორთან დაგვეკავშირებინა, რადგან პროდუქტის რეალიზაცია მათ უნდა მოახდინონ“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, 30 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიება ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, ადგილზე გაიცნონ და პირადი კონტაქტები დაამყარონ მსოფლიოში ცნობილ ტუროპერატორებთან, რადგან ღონისძიებას ჩინეთიდან, ჰონგ კონგიდან, ტაილანდიდან, მალაიზიიდან, სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან და ინდონეზიიდან უმსხვილესი 34 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ღონისძიების ფარგლებში ოთხი დღის განმავლობაში უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოინახულებენ, ადგილზე გაეცნობიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ქართულ ტურისტულ პროდუქტებს.

„30 ოქტომბრის ღონისძიება უპრეცედენტოდ მასშტაბური ღონისძიებაა. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ასეთი რანგის ქვეყნები ჩამოდიან როგორიც არის კორეა, სინგაპური ჩიენთი და .. ეს ადამიანები იმისთვის ჩამოგვყავს, რომ ძირითადად ადგილობრივ კერძო სექტორს შევახვედროთ და ჩვენს სექტორს ამ ღირებულ კონტაქტებზე წვდომა მივცეთ. როგორც მოგეხსენებათ, ტურიზმის ადმინისტრაციას აქვს ქვედანაყოფი საკონვენციო ბიურო, რომლის წევრებიც არიან საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აკრედიტირებული ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები. აქ შედის ტურისტული სააგენტოები, ღონისძიების ორგანიზატორები, სატრანსპორტო და სასტუმრო მიმართულებაფაქტობრივად მთელ ინდუსტრიას ვაერთიანებთ და ერთი დღის ფორმატში სრულ თავისუფლებას ვაძლევთ, რომ ერთმანეთი გაიცნონ და მოწვეული მხარე დააინტერესონ, მათი პროდუქტი უცხოურ ბაზარზე გაიყიდოს. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ ამ ადამიანებს გაცნობითი ტური მოვუწყოთ, რათა ნახონ სრული ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა, უშუალოდ ის ადგილები, სადაც თეორიულად არის შესაძლებლობა დიდი ღონისძიებები გაკეთდეს“, – განუმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი განმარტებით, მარკეტინგულ კამპანიებში ჩადებული თითო ლარიდან მიღებულ შემოსავალს ვითვლით და ის ძალიან მაღალია. თანაც, ამ კამპანიების ეფექტი გრძელვადიანია და მხოლოდ წელს არ იმოქმედებს.

ჩვენი ყველა კამპანია იზომება. ალბათ მარკეტინგის ყველაზე ღირებულებითი მიმართულებაც ის არის, რომ მარკეტინგული აქტივობები ყოველთვის დათვლადია. თითო ლარით და თითო თეთრით ვზომავთ, რა უკუგება და ამონაგები აქვს იმ ინვესტიციებს, რაც მარკეტინგულ კამპანიებში ჩაიდო. რადგან ჩვენ ვმართავთ სახელმწიფო ბიუჯეტს და აქედან გამომდინარე, ვალდებულები ვართ, ეს აღვწეროთ. დღეს შეგვიძლია, უკვე გავხსნათ ინფორმაცია, რომ თითო ლარმა, რაც გერმანიის ბაზარზე დაიხარჯა და იხარჯება, პირველ ცხრა თვეში 46,7 ლარი შემოიტანა. ეს ყველა საინვესტიციო გათვლებით ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სხვადასხვა ბაზარზე სხვადასხვა მაჩვენებლებია. საუდის არაბეთის ბაზარზე კიდევ უფრო მაღალია, მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებში ორნიშნა ციფრებში ტრიალებს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისი მოსაზრებით, ინვესტიციის ამონაგების გათვლაში ამოსავალი წერტილი მაინც ის ფაქტია, რა რაოდენობის ვიზიტორი შემოვიდა ამა თუ იმ ბაზრიდან და რა მოცულობის თანხა დახარჯა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარკეტინგულ კამპანიებს გრძელვადიანი ეფექტი აქვთ.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ამ მარკეტინგულ კამპანიებს მოკლევადიანი ეფექტი არა აქვთ. შესაბამისად, ველოდებით, რომ ამ კამპანიებს ეფექტი მხოლოდ წელს არ ექნებათ. არის ბაზრები, სადაც მოგზაურობის გადაწყვეტილებას სწრაფად იღებენ და არის ბაზრები, სადაც ასეთი გადაწყვეტილების მიღებას რვა თვე სჭირდება. შესაბამისად, ამას აქვს განგრძობადი ეფექტი და ველოდებით, რომ ამ კამპანიების შედეგს მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტად ვნახავთ, როგორც ტურისტების რაოდენობის, ისე უშუალოდ დანახარჯების კუთხით“, – აცხადებს ქვრივიშვილი.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …