საქართველო ყაზახურ მხარესთან ერთობლივი საწარმოების შექმნას გეგმავს

თბილისი (BPI) – საქართველო ყაზახეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას გეგმავს.

„ყაზახეთი ჩვენი ტრადიციული ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ნებას, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ნათია თურნავას თქმით, საქართველო  ყველა ინვესტორსა და მათ შორის ყაზახეთის წარმომადგენლებს საუკეთესო საინვესტიციო გარემოს სთავაზობს.

მისივე თქმით, ყაზახურ მხარესთან მიმდინარეობს საუბარი ორმხრივად საინტერესო პროექტების შესახებ, რაც საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნას გულისხმობს, მათ შორის ლოგისტიკის, ვაჭრობის და გადამუშავების სფეროში.

„გადამუშავების სფეროს რაც შეეხება –  ყაზახეთს ამოცანა აქვს, თავისი სანავთობო და ნავთობგადამამუშვებელი ინდუსტრიის დივერსიფიკაცია მოახდინოს და გადამუშავების შემდგომი ეტაპები და მასთან დაკავშირებული წარმოებები, მაგალითად – ნავთობქიმია და გაზოქიმია ერთობლივად განავითაროს , მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის როლსა და შესაბამისად, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით თანამშრომლობის პოტენციალზე.

მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში უკვე გაფორმდა  ორი მნიშვნელოვანი ორმხრივი დოკუმენტი –   სატრანსპორტო მიმოსვლის ნორმალიზაციისა და ხელშეწყობის, ასევე ტვირთბრუნვის გაფართოებისა და დამატებით საექსპორტო-საიმპორტო საქონლის გამოვლენის მიმართულებით.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …