საქართველო სწორ გზაზე დგას – ტერესა მორეირა

,,კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები” ამ სახელწოდებით თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ტერესა მორეირამ მიიღო, რომელმაც საქართველოში მომხმარებლის უფლებების, ბიზნესში დღეს არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ისაუბრა

,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება ყველა სამართლებრივი პროცედურის დაცვით, ისე რომ არც ბიზნესი დაზარალდეს, არც მომხმარებელი. მხარეებს უსამართლობის განცდა არ უნდა დარჩეთ. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოს ლეგიტიმაციასთან ერთად, ავტორიტეტი და ნდობის ასპროცენტიანი მანდატი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა მორეირამ. მისი თქმით, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია.

,,საზოგადოებას უნდა ავუხსნათ ჯანსაღი კონკურენციის უპირატესობა და სარგებელი, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს ის, რომ არ დაარღვიოს ბალანსი, კომპანიებს კონკურენტული გარემო შეუქმნას და ამავდროულად იზრუნოს მომხმარებლის ინტერესებზეც”, – აღნიშნა UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ტერესა მორეირას განცხადებით, საქართველომ მოკლე პერიოდში მომხმარებელთა შესახებ კანონში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ჯერ კიდევ განხილვის საგანია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

ცნობისთვის:16-17 ნოემბერს, საქართველოში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა , რომელშიც მონაწილეობას სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების გარდა, 20 ქვეყნის დელეგაციამ მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …