კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული 11-15 მარტს გაიმართება.
გახსნითი ღონისძიება, 11 მარტს, თბილისში სასტუმრო პულმანში, გაიმართება, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი ექვსი მარეგულირებელი უწყება, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებს, გამოწვევებს და აღსრულების მექანიზმებს მიმოიხილავს.
კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან შეხვედრები გაიმართება 12 მარტს გურჯაანში, 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს – მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს – ბათუმში. 11-15 მარტს დაგეგმილი კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობენ – მარეგულირებელი უწყების პირველი პირები, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის წევრები, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის, UNCTAD-ის, დიპლომატიური კორპუსის და ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება წიგნის „მომხმარებლის დაცვის ევროპული და ქართული პრაქტიკა“ პრეზენტაცია. ასევე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელი, თბილისში, გურჯაანში, ქუთაისში და ბათუმში მომხმარებლებთან შეხვედრისას, დეტალურად მიმოიხილავს მათთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას – თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს და რა ფორმით.