“საქართველოში 150-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა” – სემეკი უმსხვილეს ენერგეტიკულ ფორუმს 2026 წელს უმასპინძლებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) უმსხვილესი ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება მიენიჭა. მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებას სემეკი 2026 წელს უმასპინძლებს. კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განმარტებით, აღნიშნული ფორუმის მასპინძლობა საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას 150-მდე ქვეყნის დელეგაცია ეწვევა. მისივე თქმით, ფორუმის მასპინძლობა მიანიშნებს, რომ სემეკის მიერ წლების განმავლობაში რეგულირების პოლიტიკა სწორად და ეფექტიანად ხორციელდება.

“მსოფლიო ენერგეტიკის მარეგულირებელი ფორუმი 2026 წელს საქართველოში ჩატარდება, ხოლო თბილისი მასპინძელი ქალაქი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული ფორუმი გასულ წლებში დიდ და წარმატებული ეკონომიკის ქვეყნებში ტარდებოდა, მათ შორის აშშ-ში, კანადასა და ევროპის ქვეყნებში. ჩვენთვის ერთის მხრივ ეს ყველაფერი დიდი გამოწვევაა, ხოლო მეორეს მხირვ შესაძლებლობაა საქართველომ თავისი სიტყვა თქვას ენერგეტიკის რეგულირების საკითხებში. გარდა ამისა, ის რეფორმები, რასაც ჩვენ ვატარებთ წლების განმავლობაში არის ერთ-ერთი საფუძველი რატომაც ჩვენ ვუმასპინძლებს უმსხვილეს ენერგეტიკულ ფორუმს. 

საქართველოში ჩამოვლენ 150-მდე ქვეყნის წარმომადგენლები და 1 000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს ფორუმში მონაწილეობას. იქნება ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთ გაცვლა ჩვენსა და უცხოელ ექსპერტებს შორის. მეორეს მხრივ კი შესაძლებლობა გვექნება კარგი კომუნიკაციის დამყარების, რაც სამომავლოდ ხელს შეგვიწყობს საინტერესო პროექტები ერთობლივად განვახორციელოთ“. – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო. ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …