საქართველო ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანაა, პანდემიამ ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები უფრო მეტად დააზარალა, ვიდრე არატურისტული ქვეყნები, – აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ არის ხოლმე კომენტარი, რომ საქართველოში ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და რეგიონში თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა და მსოფლიოში მაღალ ინფლაციებს შორის მე-16 ადგილზეა.
“მაგრამ მათ საყურადღებოდ ვისაც ეს სტატისტიკა მოყავს, მათ ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო არის ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა და ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები იმის გამო, რომ პანდემიამ მობილობა სრულიად შეზღუდა, უფრო მეტად დაზარალდნენ, ვიდრე არატურისტული ქვეყნები.
თუ 2019 წელს ტურიზმის კონტრიბუცია მშპ-ში დაახლოებით 12%-ი იყო, ეს 2020 წელს 2%-მდე შემცირდა, შესაბამისად საქართველოსთვის ეს შოკი არის უფრო მაღალი და უფრო დიდი შოკი, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით. ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ფისკალური დეფიციტი 9%-ზე მეტი იყო 2020 წელს, წელსაც საკმაოდ მაღლა ნარჩუნდება და აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ ერთ-ერთი მაღალი ინფლაციაა, დიახ, არის მაღალი, მაგრამ ამას აქვს წინაპირობა,”- ამბობს კობა გვენეტაძე.