საქართველოში რეპო ბაზრის ახალი E-bond პლატფორმა დაინერგა

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლუმბერგის ახალ, გაუმჯობესებულ რეპო პლატფორმაზე გადავიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს კომპანია ბლუმბერგის დელეგაცია სტუმრობს. დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდეტთან კობა გვენეტაძესთან შეხვედრა გამართეს.

 

ფინანსური ბაზრის განვითარების მხარდაჭერის მიზნით ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანია ბლუმბერგთან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბლუმბერგის პლატფორმა აქტიურად გამოიყენება როგორც ეროვნული ბანკის, ისე ადგილობრივი ბაზრის მონაწილეების მხრიდან.

 

ბლუმბერგის E-bond პლატფორმის საშუალებით ადგილობრივი ბაზრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ რეპო ოპერაციები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელონ. E-bond პლატფორმა ბაზარს უზრუნველყოფს რეპო გარიგებების დადებისათვის ყველა აუცილებელი მექანიზმით, ფასების კოტირებით, ანალიტიკური მონაცემებით. აღსანიშნავია, რომ e-bond პლატფორმა დაცული ინტერფეისის საშუალებით ინტეგრირებულია ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ადგილობრივ GSSS (Georgian Securities and Settlement System) სისტემასთან, რომლის მეშვეობით დადებული გარიგებების სწრაფი და უსაფრთხო ანგარიშსწორება ხორციელდება.

 

რეპო გარიგებები ამცირებს კონტრაგენტებს შორის საკრედიტო რისკებს, ვინაიდან ნასესხები თანხის არდაბრუნების შემთხვევაში, რეპოს მონაწილეს რჩება ფასიანი ქაღალდი, რომლის გაყიდვითაც მას შეუძლია თავიდან აირიდოს ფინანსური ზარალი. ასევე, რეპო ბაზარი ხელს უწყობს მეორადი ბაზრის ლიკვიდობას, ვინაიდან ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ შესაძლებელია ფულადი თანხის მობილიზება. შესაბამისად, რეპო ბაზარი ფინანსური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 

გამართული ფინანსური ბაზარი საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ზრუნვის საგანია, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას, აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმს და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკური ზრდას.

 

პლატფორმის კონფიგურაციის და ტესტირების პროცესში ეროვნულ ბანკთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული კომერციული ბანკების წარმომადგენლები.

 

“ეროვნული ბანკი მოხარულია, რომ გლობალურად საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც განხორციელდა კომპანია ბლუმბერგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი რეპო ბაზრის ახალი E-bond პლატფორმის დანერგვა. აღსანიშნავია, რომ ფინანსურ ბაზარზე ახალი ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა იმავდროულად ფინანსური ბაზრის მონაწილეების ფინანსური განათლების დონის გაღრმავებას უწყობს ხელს, რაც მთლიანობაში ბაზრის კიდევ უკეთ გამართული მუშაობის წინაპირობაა. საბოლოოდ კი, საზოგადოება იღებს მუდმივ განვითარებასა და სრულყოფაზე ორიენტირებულ, თანამედროვე სისტემებით და ინსტრუმენტებით აღჭურვილ ფინანსურ სისტემას. საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკებთან თანამშრომლობით, მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ფინანსურ ბაზარზე სიახლეებისა და ინოვაციების აქტიურად დანერგვის მიმართულებით”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …