საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების ბარიერები და ხელშემწყობები ფაქტორები

განახლებად ენერგიაზე გადასვლა აუცილებელია მდგრადი მომავლის მისაღწევად. ამ მიმართულებით დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებებიდან ერთ-ერთი, ენერგეტიკული გაერთიანებების ფორმირება, გულისხმობს მოქალაქეთა ჩართულობის გზით მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ამგვარი ტიპის მოქალაქეთა გაერთიანებაზე დაფუძნებული ორგანიზაციები ხელს უწყობენ ადგილობრივი ენერგიის წარმოებას, აუმჯობესებენ  ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ხელს უწყობენ გარემოს მდგრადობას და კლიმატის ცვლილების შერბილებას. თუმცა, ენერგეტიკული გაერთიანებების ფართოდ გავრცელებისთვის საჭიროა არაერთი ბარიერისა თუ გამოწვევის დაძლევა. მაგალითისთვის,  ევროკავშირის სამიზნე მაჩვენებელი, რომ შეამციროს ემისიების დონე 2030 წელს 50%-მდე და 2050 წლისათვის 100%-მდე 1990 წლის ემისიების დონესთან შედარებით, ძირითადად მიიღწევა მოქალაქეთა გაერთიანებაზე დაფუძნებული ორგანიზაციების – ენერგეტიკული გაერთიანებების გაძლიერებით და ხელშეწყობით და შესაბამისი საბაზრო მექანიზმების ჩამოყალიბებით.

წინამდებარე სტატიაში განხილულია ამგვარი ბარიერები და წარმოადგენილია საკვანძო ხელშემწყობი ფაქტორები საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების წარმატებით განხორციელებისთვის:

 

ბარიერები:

ფინანსებზე წვდომა: ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერია საწყისი კაპიტალის მაღალი ღირებულება. განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის შექმნა, როგორიცაა მზის პანელები, ქარის ტურბინები, ჰიდროენერგიაზე ან ბიომასაზე მომუშავე სადგურები, საჭიროებს მნიშვნელოვან საწყისს კაპიტალს.  ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები ხშირად განიხილავენ ენერგეტიკული გაერთიანებების პროექტებს, როგორც მაღალი რისკის შემცველ ბიზნესს, რაც ართულებს ამგვარი პროექტების სესხით უზრუნველყოფას ან ინვესტორების მოზიდვას.

აღნიშნული ბარიერის შესამცირებლად სხვა ღონისძიებებთან ერთად შეიძლება განიხილებოდეს როგორც ფინანსური ინსტიტუტების ცნობიერების ამაღლება, ისე ენერგეტიკული გაერთიანებების დაფინანსების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკა განვითარება.

მარეგულირებელი ჩარჩო: მარეგულირებელ გარემოს შეუძლია მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნას ენერგეტიკულ გაერთიანებებს. ბევრ ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული პოლიტიკა განკუთვნილია დიდი, ცენტრალიზებული კომუნალური კომპანიებისთვის, რაც ქმნის დაბრკოლებებს პატარა, დეცენტრალიზებული ენერგეტიკული გაერთიანებებისთვის. მხარდამჭერი კანონმდებლობის ნაკლებობამ, როგორიცაა ხელსაყრელი ტარიფები, ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკა ან გამარტივებული ნებართვების გაცემის პროცესები, შეიძლება ხელი შეუშალოს ენერგეტიკულ გაერთიანებებს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში.

 

საქართველოში ამ ეტაპზე მოქმედებს ნეტო აღრიცხვის პროგრამ, თუმცა კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ენერგეტიკულ გაერთიანებებს ცნებას და შესაბამისად ენერგეტიკული გაერთიანებების ენერგეტიკულ ბაზარზე ფუნქიონირებისათვის საჭირო პროცედურებს. ამასთან მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია ენერგეტიკული გაერთიანების ორგანიზაციული სტრუქტურის განსაზღვრა, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიას ეფექტურად განახორციელოს ერთობრლივი ქმედებები ენერგეტიკის სექტორში.

აღნიშნული ბარიერის შესამცირებლად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს მე-4 ენერგეტიკული პაკეტის შესაბამისი დირექტივების გადმოტანა ქარულ კანონმდებლობაში.

 

ტექნიკური ბარიერები.  განახლებადი ენერგიის სისტემების და ინფრასტრუქტურის შექმნა, შენარჩუნება და მისი ეფექტიანი მართვა მოითხოვს ტექნიკურ ცოდნას და სპეციალიზირებულ გამოციდლებას. ენერგეტიკულ გაერთიანებებს შეიძლება შეექმნათ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია განახლებადი რესურსების ათვისების სწორი ტექნიკურ გადაწყვეტასთან,  ქსელში ინტეგრაციასთან, ენერგიის შენახვასთან და შემნილი ინფრასტრუქტურის საიმედო მართვასთან.  ბევრ ენერგეტიკულ გაერთიანებას არ გააჩნია ტექნიკური ცოდნა განახლებადი ენერგიის სისტემების დიზაინის, დამონტაჟების და ოპერირირების საკითხებში, რაც მოითხოვს გარე ექსპერტების ან ორგანიზაციების დაქირავებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ტექნიკური ცოდნის გასაღრმავებლად შესაბამისი სასწავლო პროგრამების დანერგვა როგორც სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ისე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სოციალური ბარიერები. სხვადასხვა თემების სოციალურმა თავისებურებებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ენერგეტიკული გაერთიანებების შექმნაზე. კონსენსუსის მიღწევა და საზოგადოების წევრებს შორის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა არაერთ რეგიონში წარმოადგენს გამოწვევას. სხვადასხვა ინტერესებმა, პრიორიტეტებმა და ვალდებულების გადანაწილების დონემ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები და  შესაბამისად პროექტის განხორციელების შეფერხება. ცნობიერების დონის ამაღლება და საზოგადოების განათლება ენერგეტიკული გაერთიანებების უპირატესობებსა და ფუნქციონირების თავისებურებებზე გადამწყვეტია წარმატებისთის. სოციალური ბარიერების გადალახვა მოითხოვს ეფექტურ კომუნიკაციას, საზოგადოების ჩართულობას და ლიდერობას.

 

ხელშემწყობი ფაქტორები

ფინანსური მხარდაჭერა და წახალისება: მთავრობებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს და კერძო ინვესტორებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ გრანტების, სუბსიდიების, დაბალპროცენტიანი სესხების და საგადასახადო შეღავათების გაცემით საზოგენერგეტიკული გაერთიანებების პროექტებისთვის. დაფინანსების ინოვაციური მოდელები (მაგ. Crowdfunding) ასევე შეიძლება დაეხმაროს ადგილობრივი ინვესტიციების მობილიზებას. ფინანსური მექანიზმების ჩამოყალიბება საქართველოში, რომლებიც აღიარებენ ენერგეტიკული გაერთიანებების გრძელვადიან ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით სარგებელს, აუცილებელია დაფინანსების მოზიდვისა და ფინანსური რისკების შესამცირებლად.

 

მხარდამჭერი პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩო: დამხმარე პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა საკვანძოა ენერგეტიკული გაერთიანებების განვითარებისთვის. სახელმწიფოს შეუძლია ხელი შეუწყოს ენერგეტიკული გაერთიანებების ფართოდ გავრცელებას შესაბმისი კანონმდებლობის მიღებით, როგორიცაა გამარტივებული ნებართვების პროცესები, ქსელზე მიერთების პროცედურები და ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკა. მკაფიო და თანმიმდევრული რეგულაციების დაწესება, რომელიც პასუხობს ენერგეტიკული გაერთიანებების უნიკალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს, შეუძლია უზრუნველყოს სამართლებრივი დარწმუნება და წაახალისოს ინვესტიციები. პოლიტიკის განმახორციელებელს, მარეგულირებელ ორგანოსა და ენერგეტიკულ გაერთიანებებს შორის თანამშრომლობა აუცილებელია ეფექტური და ინკლუზიური ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებისთვის.

 

ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობების გაზრდა: ტექნიკური დახმარების გაწევა და შესაძლებლობების გაძლიერება გადამწყვეტია ენერგეტიკული გაერთიანებებისთის ტექნიკური ბარიერების მოსაგვარებლად. აკადემიურ დაწესებულებებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ შესთავაზონ სასწავლო პროგრამები, ტექნიკური მხარდაჭერა და რესურსები, რათა დაეხმარონ ენერგეტიკულ გაერთიანებებს საჭირო უნარებისა და ცოდნის გამომუშავებაში. ენერგეტიკულ გაერთიანებებს და ტექნიკურ ექსპერტებს შორის, როგორიცაა ინჟინრები, მშენებლები, და განახლებადი ენერგიის კომპანიების პარტნიორობის ხელშეწყობას, შეუძლია გააძლიეროს ენერგეტიკული გაერთიანებების პროექტების ტექნიკური შესაძლებლობები. მოწინავე ენერგეტიკული ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებაში ინვესტირებას, როგორიცაა ჭკვიანი ქსელები და ენერგიის შენახვა, ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის სისტემების ინტეგრაციას და ოპტიმიზაციას.

საზოგადოების ჩართულობა და განათლება: საზოგადოების ძლიერი ჩართულობისა და განათლების ინიციატივების ჩამოყალიბება აუცილებელია სოციალური ბარიერების დასაძლევად. ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები, მონაწილეობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესები და გამჭვირვალე მმართველობის სტრუქტურები ხელი შეუწყობს გაერთიანების წევრებს შორის ნდობას, თანამშრომლობას და აქტიურ მონაწილეობას. საგანმანათლებლო კამპანიებსა და საინფორმაციო პროგრამებს შეუძლიათ აამაღლონ ცნობიერება ენერგეტიკული გაერთიანებების უპირატესობების შესახებ, ხელი შეუწყონ ენერგეტიკული წიგნიერების განვითარებას. წარმატებებული მაგალითების (ქეისების) განხილვამ და არსებული ენერგეტიკული გაერთიანებების ისტორიების გაზიარებამ შეიძლება დაეხმაროს და მოტივაცია გაუჩინოს სხვა პირებს დააფუძნონ ენერგეტიკული გაერთიენებები.

დასკვნა

ენერგეტიკული გაერთიანებების შექმნა გვთავაზობს პერსპექტიულ გზას მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ბარიერები, მათი გადალახვა ფინანსური მხარდაჭერის, დამხმარე პოლიტიკის, ტექნიკური დახმარებისა და საზოგადოების ჩართულობის გზით ხელს შეუწყობს ენერგეტიკული გაერთიაენებების ჩამოყალიბებასა და  წარმატებულ ფუნქციონირებას. ამ გამოწვევების გადაჭრითა და ხელშემწყობი ფაქტორების გამოყენებით, ენერგეტიკულ გაერთიაენებებს შეუძლიათ გამოიყენონ განახლებადი ენერგიის პოტენციალი უფრო სუფთა, მწვანე და სამართლიანი ენერგოსისტემის შესაქმნელად.

 

წინამდებარე სტატია მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SHAREs პროექტის ფარგლებში. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ, საინფორმაციო პორტალს საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ – www.energy4all.ge. 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფინალური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის …