საქართველოში გაზსაცავის ნაცვლად შესაძლოა, თხევადი გაზის ტერმინალი აშენდეს

საქართველოში გაზსაცავის ნაცვლად თხევადი გაზის ტერმინალის აშენების შესაძლებლობა განიხილება,- ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თემურ გოჩიტაშვილმა განუცხადა.

თემურ გოჩიტაშვილის თქმით, გაზის შემნახველი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტი კვლავ ძალაშია და იმის დასადგენად, თუ რა ტიპის ენერგოობიექტის აშენება იქნება მიზანშეწონილი კვლევის ჩატარება იგეგმება.

„გაზის რეზერვის შექმნის შესახებ პროექტი კვლავ ძალაშია და ვითარდება. იქნება ეს გაზსაცავი თუ რაიმე სხვა ტექნიკური გადაწყვეტილება, ამის შესწავლას ჩვენი დონორი ორგანიზაციები აპირებენ და წლის ბოლომდე გადაწყდება, თუ რა ტიპის ობიექტი იქნება ეს და მომავალი ინვესტიციები საით იქნება მიმართული. იქნება ეს გაზსაცავი, თხევადი გაზის ტერმინალი თუ კიდევ სხვა რაიმე გადაწყვეტილება, ამაზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი და ყველაფერი შესწავლის შედეგებზეა დამოკიდებული. ცხადია, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება გაზის დარეზერვება, მოხმარების უთანაბრობის გამო და ზაფხულ-ზამთრის სეზონების მკვეთრი განსხვავების დასაბალანსებლად. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ თხევადი გაზის ტერმინალს ბევრად უფრო მოქნილი ინფრასტრუქტურა აქვს, მას არ სჭირდება მილსადენი და წარმოების ადგილიდან შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მიაწოდო გათხევადებული გაზი. მოქნილობის, სიიაფის და ასევე მშენებლობის ვადების სიმცირის გამო მსოფლიო სწორედ თხევადი გაზის ტერმინალების მშენებლობაზეა გადასული. ჩვენც დავიწყეთ ფიქრი ამაზე, რომ შევადაროთ გაზსაცავის, თხევადი გაზის ტერმინალის თუ კიდევ რაიმე სხვა ტიპის ობიექტის მშენებლობაა მიზანშეწონილი“, – განაცხადა თემურ გოჩიტაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობამ გაზსაცავის პროექტი ჯერ კიდევ 2014 წელს წარადგინა. თუმცა მისი განხორციელება არაერთხელ გადავადდა. ამასთან, 2020 წელს გაზსაცავის მშენებლობისთვის გამოყოფილი 150 მილიონი ევროს მოცულობის სესხიდან 120 მლნ პანდემიის საჭიროებებზე გადამისამართდა.

წყარო: businessformula.ge

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …