საქართველოში „აპტოსის“ ძაფების წარმოება დაიწყება და ექსპორტზე გავა

თბილისი (BPI) – საქართველოში პირველი ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების საწარმო აშენდება. მსოფლიოში ცნობილი „აპტოსის“ ძაფების (გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში სახისა და სხეულის დასაჭიმად) გამომგონებელი ქართული კომპანია თბილისში, ორხევის დასახლებაში საწარმოს მშენებლობას იწყებს.

აპტოსის ძაფები ქართული ინოვაციური გამოგონებაა, რომელიც 23 წლის წინ შეიქმნა, გერმანიაში იწარმოება და Made in Germany-ს სახელით ხვდება მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყნის პლასტიკური და ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტების სამუშაო სივრცეში.

ორხევში საწარმოს აშენების შემდეგ წარმოება მთლიანად საქართველოში გადმოვა და პროდუქტი  Made in Georgia-ს წარწერით გავა როგორც უკვე არსებულ საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა ბრაზილია, აშშ, კანადა, მექსიკა, ტაილანდი და სინგაპური.  მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ  „აპტოსი“ არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ხაზს უსვამს მისი წარმოების ხარისხსა და საექსპორტო შესაძლებლობებს.

„აპტოსმა“ პირველი ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების საწარმოს ასაშენებლად და უახლესი ტექნოლოგიების შეძენისთვის, 2018 წლის თებერვალში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ისარგებლა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით, რომლის საფუძველზეც კომპანიას გადაეცა 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2019 წლის მარტში, კომპანიამ ასევე ისარგებლა პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

საწარმო 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდება და  პირველ ეტაპზე 100 ადამიანს დაასაქმებს, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ. ლარს შეადგენს.

დღეს, 21 მარტს, 16.50 საათზე, გივი ამილახვარის ქუჩა # 15-ში (ორხევის დასახლება) კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიას საქართთველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია დაესწრება. „აპტოსი“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …